Belive

გიორგი ქოჩორაშვილის გოლი ტურის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. 2024/25 წლების ლა ლიგა 2-ის სეზონში, ვალენსიელთა ქართველ საყრდენს უკვე 2 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს, ამის გარდა კი დაცვასა თუ შეტევაში თავისი გუნდის საკვანძო მოთამაშედ ყალიბდება.

ქართველ ფეხბურთელს საბენეფისო მატჩი ლა ლიგა 2-ში რამდენიმე დღის წინ, ლა ლიგიდან წინა სეზონში დაქვეითებულ "ალმერიასთან" ჰქონდა, რომელთანაც გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. ამ მატჩში მის მიერ გატანილი ბრწყინვალე გოლი ტურის გამორჩეულ ხუთეულშიც მოხვდა.

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ქართველი ფეხბურთელის გოლი მეშვიდე ტურის ხუთ საუკეთესოს შორის დაასახელა. სათამაშო კვირის გამორჩეულ გოლებს შორის ხიხონის "სპორტინგის", "კადისის", "ბურხოსისა" და "ელჩეს" მოთამაშეების მიერ გატანილი ბურთებიც მოხვდა.

7 ტურში მხოლოდ ერთი წაგებით, 4 გამარჯვებითა და 2 ფრით "ლევანტეს" 14 ქულა აქვს დაგროვებული და ლა ლიგა 2-ში ლიდერობს. ასევე, ქართველი ფეხბურთელის გუნდმა გათამაშებაში ამ დრომდე ყველაზე მეტი, 14 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები