"ახალგაზრდა ქართველები სლოვაკეთში კარგ შთაბეჭდილებას ქმნიან" - გურამ კაშია ლეგიონერებს აქებს
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ბრატისლავის "სლოვანის" ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო თემის
შესახებ საუბრობს.
"რამდენიმე დღის წინ, "პოდბრეზოვასთან" მატჩამდე, ყველა აქტიურად საუბრობდა, რომ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი კვირა იწყება. სამი მნიშვნელოვანი მატჩით დატვირთული სათამაშო კვირა, რომელსაც სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის ყველაზე დიდი გავლენა ექნება. ამ მატჩებიდან საწყის ორში კარგი შედეგები დავაფიქსირეთ, მესამე შეხვედრას კი მშვენიერი განწყობით ვხვდებით.
"ჟილინასთან" დუელი განსაკუთრებული მატჩია. ასეთ შეხვედრებს ყოველდღიურად არ ვატარებთ. ამ მატჩის გამო არ ვნერვიულობ, პირიქით, აღფრთოვანებული ვარ. დიდი გამოცდილება გვაქვს, არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ასეთ მონაკვეთებში ოსტატურად გამოსვლა შეგვიძლია", - ამბობს გურამ კაშია ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტთან შეხვედრის წინ.
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ამავე პოზიციაზე მოთამაშე 19 წლის ქართველი ფეხბურთელის, ალექსანდრე ნარიმანიძის შესახებაც საუბრობს, რომელიც სწორედ "ჟილინას" ახალწვეულია. გურამ კაშია სლოვაკეთში მოთამაშე კიდევ ერთ ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელზე, მარჯვენა მცველ ცოტენ კაპანაძეზეც საუბრობს.
"ვიცნობ ნარიმანიძეს და მის ოჯახს, ხანდახან ვკონტაქტობთ. ძალიან ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელია. ჩემპიონატის მატჩებს თვალს ვადევნებ და "დუნაისკა სტრედაში" ცოტნე კაპანაძე მომწონს, რომელიც ძალიან კარგი ფეხბურთელია. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. მიხარია, რომ ჩემი თანამემამულეები სლოვაკეთში ჩამოდიან, მჯერა, რომ აქ კარგ შთაბეჭდილებას შექმნიან", - ამბობს გურამ კაშია.
საქართველოს ნაკრების 37 წლის ცენტრალურმა მცველმა ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ გუნდთან ერთად სლოვაკეთის ჩემპიონატი ზედიზედ სამჯერ მოიგო და მეოთხე წარმატებას უახლოვდება. რაც შეეხება ევროპულ ტურნირებს, "სლოვანის" შემადგენლობაში საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელმა ფეხბურთელმა სამჯერ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, ამ სეზონში კი კარიერაში სადებიუტოდ, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობაც მიიღო.