Belive

გიორგი ქოჩორაშვილი: "ევროპის ჩემპიონატი დასაწყისია, უფრო მეტი შეგვიძლია"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა, ესპანურ მედია საშუალება levante-emv-თან ინტერვიუში არაერთი საინტერესო თემის, მათ შორის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შესახებ ისაუბრა.

"ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობამ უფრო მეტი თავდაჯერება შემმატა. ამ დროს ხვდები, რომ სწორ გზაზე დგახარ. ევროპის ჩემპიონატზე თამაში გამართლება არ ყოფილა. ერთი მხრივ ეს იმის შედეგია, რასაც ცხოვრებასა და ნაკრებში აკეთებ, ხოლო მეორე მხრივ ხვდები, რომ თუ სწორად იმუშავებ, ამის გამო დაჯილდოვდები.

ბედნიერად ვგრძნობ თავს ასეთ დიდ ტურნირზე თამაშით. სინამდვილეში, ბავშვობაში ამაზე არც კი ვოცნებობდი, რადგან ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი ქვეყანა იქ მოხვდებოდა. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ძალიან მარტივია, მოედანზე გასვლა და თამაში, თუმცა, საამისოდ ყველა ეჭვი უნდა გაიქარწყლო, სხვანაირად იქ ვერ მოხვდები.

ეს საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული, სადებიუტო მონაწილეობა გახლდათ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ბოლო არ იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწევთ. როცა საქართველოში დავბრუნდით, ქვეყანამ ისე მიგვიღო, თითქოს ჩემპიონები ვიყავით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გამოდგა, რადგან მივხვდით, რომ წაგების შემთხვევაშიც კი, შენს მიერ მოედანზე გაკეთებული საქმე არავის დაავიწყდება. ის შრომა და გამბედაობა, რომელსაც იჩენ, არასდროს დაავიწყდებათ. ამის შემდეგ შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ შენ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთე, ეს უკვე დიდი წარმატებაა.

საქართველოს ნაკრებში თამაშის დროს ყოველთვის მაქვს განცდა, რომ რაღაც დიდის მიღწევა შეგვიძლია. ასეა, "ლევანტეშიც". ვილი სანიოლმა მასწავლა, თუ როგორ უნდა ვიყო გამარჯვებული და ამას ხულიან კალერო აგრძელებს", - ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.

25 წლის ფეხბურთელმა ახალი სეზონი დამაჯერებლად დაიწყო, მან ლა ლიგა 2-ში ხუთ მატჩში 1 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება შეძლო, ხოლო მისი გუნდი საპლეიოფო ზონაში იმყოფება და შემდეგ მატჩს "ალმერიასთან" 29 სექტემბერს გამართავს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, აქ გიორგი ქოჩორაშვილმა ორ მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები