Belive

გიორგი მიქაუტაძე: "გოლით ბედნიერი ვარ, მაგრამ მინდოდა, რომ ეს მატჩი მოგვეგო"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურის მატჩში, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ "მეცში" დაბრუნების შემდეგ პირველი გოლის გატანა მოახერხა და მიმდინარე სეზონში რიგით მესამე ბურთი შეაგდო. 23 წლის ცენტრალურმა ფორვარდმა თავის მშობლიურ გუნდს, "ლიონს" გაუტანა და მატჩის შემდეგ კომენტარიც გააკეთა. ქართველი ფეხბურთელი ინდივიდუალური წარმატებით ბედნიერია, მაგრამ ამბობს, რომ მთავარი გუნდის შედეგებია, შეხვედრა კი სტუმართა გამარჯვებით - 1:2 - დასრულდა.

"ვფიქრობ, ამ მატჩში გამარჯვება დავიმსახურეთ. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ქულები მოგვეპოვებინა. ანგარიში მატჩის დაწყებიდან მალევე გავხსენით, მაგრამ შემდეგ რამდენიმე შეცდომა დავუშვით, რაც ძვირად დაგვიჯდა და კიდევ ერთი მატჩი წავაგეთ.

ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავუშვით, თუმცა მეორე ნახევარში მოედანზე ხელახლა მობილიზებულები გამოვედით და ვეცადეთ, რომ უკეთ გვეთამაშა. თუმცა, შემდეგ მეორე გოლიც გავუშვით და მატჩი წავაგეთ.

არ ვფიქრობ, რომ მიუხედავად რამდენიმე მატჩის წაგებისა, უკვე ლიგა 2-ისკენ მიმავალ გზას დავადექით. მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი იმის, რომ ლიგა 1-ში დავრჩეთ. ახლა მათემატიკურ გამოთვლებს თავი უნდა დავანებოთ და მხოლოდ იმაზე ვიფიქროთ, რომ შეხვედრებში მაქსიმალური გავიღოთ, რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ, შემდეგ კი ვნახოთ, რა იქნება. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.

მესმის გულშემატკივართა იმედგაცრუების, შედეგებით ცხადია ჩვენც უკმაყოფილო ვართ, მაგრამ მაქსიმუმს გავიღებთ იმისათვის, რომ ლიგა 1-ში ადგილი შევინარჩუნოთ. მჯერა, რომ მალე ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ შემობრუნდება.

დიახ, ლამაზი გოლი გავიტანე და ამით ბედნიერი ვარ, მაგრამ მთლიანობაში, წავაგეთ და მატჩის შედეგი არ მახარებს. ცხადია, ლიგა 1-ში კიდევ ერთი გოლის გატანა მახარებს, მაგრამ მთავარი გუნდის შედეგი და წარმატებაა. ძალიან მინდოდა, რომ ამ საღამოს ჩვენი გამარჯვება გვეზეიმა", - თქვა გიორგი მიქაუტაძემ.

23 მატჩის შემდეგ დაგროვებული 17 ქულით "მეცი" სატურნირო ცხრილში მე-17 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონაშია. შემდეგი შეხვედრა ქართველი ფეხბურთელის გუნდს უახლოეს კონკურენტ "ნანტთან" სტუმრად, 3 მარტს ელოდება.

სხვა სტატიები