გიორგი მამარდაშვილი: "ვალენსიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა, მინდა მადლობა გადავუხადო"
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, "ვალენსიას" ოფიციალურ ვებგვერდთან სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა.
"შემდეგი მატჩი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. "ჟირონასთან" და "ოსასუნასთან" დაგეგმილი ორი შეხვედრა აუცილებლად უნდა მოვიგოთ და გავუმჯობესდეთ. რა თქმა უნდა, ძალიან რთული მატჩები იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.
საწყისი ხუთი მატჩი, რომელშიც მონაწილეობა მივიღეთ, ძალიან რთული გამოდგა. მეტოქეებად "ბარსელონა", მადრიდის "ატლეტიკო" და სხვები გვყავდა, ჩვენი ლიგა კი, როგორც მწვრთნელმა თქვა, ახლა იწყება. "ბარსასთან" ვერ მოვიგეთ, მაგრამ კარგად ვითამაშეთ, "ვილიარეალთან" ქულის მოპოვება შევძელით, ახლა კი ასე უნდა გავაგრძელოთ "მესტალიაზე" და გამარჯვებები ვიზეიმოთ. ეს სრულიად განსხვავებული სტადიონია და იმედი მაქვს, შედეგიც განსხვავებული გვექნება.
ამ ქალაქმა და ამ გუნდმა ჩემი ცხოვრება შეცვალა და მინდა, რომ წელსაც ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. ეს წარმოუდგენელი 4 წელი გამოვიდა და მინდა ამისთვის, გუნდს მადლობა გადავუხადო, საამისოდ კი ყოველდღიური შრომა უნდა გავაგრძელო", - ამბობს გიორგი მამარდაშვილი.
"ვალენსია" შემდეგ მატჩს "ჟირონასთან" საშინაო კედლებში, 21 სექტემბერს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.