კარიერაში სადებიუტოდ: ვაკო გვილია ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, ვაკო გვილია კარიერას ეროვნულ ლიგაში გააგრძელებს.
30 წლის ფეხბურთელი "დინამო თბილისის" წევრი გახდება და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდთან ხელს ერთწლიან კონტრაქტს მოაწერს.
ვაკო გვილიასთვის ეს კარიერაში სადებიუტო ქართული გუნდი იქნება, მან პროფესიონალური ფეხბურთის თამაში უკრაინაში დაიწყო და წლების განმავლობაში, ზაპოროჟიის "მეტალურგის", ბელარუსში, "მინსკისა" და ბორისოვის "ბატეს", შვეიცარიული "ლუცერნის", პოლონური ზაბრჟეს "გურნიკის", ვარშავის "ლეგიას", ჩესტეხოვის "რაკუვის" და გლივიცეს "პიასტის" ღირსებას იცავდა.
ვაკო გვილია გასული წლების ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია, მან სამჯერ პოლონეთის, ორჯერ კი ბელარუსის ჩემპიონატი, ასევე პოლონეთის თასი და ბელარუსის სუპერ თასი მოიგო. საქართველოს ნაკრებში მის აქტივში 44 მატჩში გატანილი 3 გოლი და 4 საგოლე პასია.