Belive

იტალიური მედია: "კვერნაძე სერია A-ში თანამემამულის მსგავსად​ გასაბრწყინებლად ჩამოვიდა"

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიური მედია ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის, სერია A-ში აღზევებული "ფროზფინონეს" ახალწვეულის, გიორგი კვერნაძის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. Tuttofrosinone.com-ი მასსა და საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერ, ხვიჩა კვარაცხელიას შორის პარალელს ავლებს და წერს, რომ 20 წლის ფეხბურთელსაც ისევე შეუძლია გაიბრწყინოს, როგორც ეს იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა სადებიუტო სეზონში გააკეთა.

"12 თვის წინ, ამ დღეებში, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს დასაპყრობად ემზადებოდა. 2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული, ის კლასის, ნიჭის, გოლებისა და საგოლე გადაცემების მეშვეობით თავის ბრწყინვალებას მსოფლიოს აჩვენებდა.

ქართულმა ფენომენმა ვიქტორ ოსიმენთან და მის თანაგუნდელებთან ერთად, ნეაპოლის ლურჯი მაისურები 33 წლის განმავლობაში დაკარგული სამკერდე სამფერი დროშის დაბრუნებამდე მიიყვანა.

1 წლის შემდეგ, მისი ერთ-ერთი თანამემამულე ჩადის იტალიაში, დანიშნულების ადგილზე - ფროსინონე. 2003 წელს დაბადებული გიორგი კვერნაძე თავდამსხმელია, რომელიც სისწრაფით და ნიჭიერებით გამოირჩევა. ის მარცხენა ფლანგზე მოქმედებს და გარემარბია. მისი საყვარელი ფეხი მარჯვენაა და გოლების გატანაც ძალიან უყვარს.

გიორგი "საბურთალოს" ახალგაზრდულ გუნდში გაიზარდა, შემდეგ კი "თელავში" იჯარით გადავიდა. სამტრედიაში დაბადებული ტალანტი გზას ჯერ ფოთის "კოლხეთის", შემდეგ კი ბათუმის "დინამოს"  მაისურებით აგრძელებს. ბათუმის "დინამო", იგივე გუნდია, რომლიდანაც ხვიჩა კვარაცხელია წამოვიდა: ორივე ფეხბურთელი სამშობლოში ერთი და იგივე მაისურის ჩაცმის შემდეგ, იტალიაში ჩადის.

კვარაცხელიასთან შედარებით, კვერნაძეს ჯერ კიდევ არ ჰქონია დებიუტი საქართველოს ნაკრებში, ამ დროისთვის, ის კვლავ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრია.

ეუსებიო დი ფრანჩესკო და "ფროსინონე" მოუთმენლად ელიან გიორგი კვერნაძის ხილვას მოედანზე, რომელიც იტალიაში იმ იმედით ჩადის, რომ სერია A-ში თავისი თანამემამულის მსგავსად, სადებიუტო სეზონშივე გაიბრწყინებს", - წერს იტალიური მედია საშუალება.

გიორგი კვერნაძეს ახალ კლუბთან ერთად პირველი მატჩი 11 აგვისტოს ელოდება, როცა იტალიის თასზე "პიზას" დაუპირისპირდება. რაც შეეხება სერია A-ს, აქ "ფროზინონე" პირველივე ტურში მოქმედ ჩემპიონს, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" შეხვდება. მატჩი 19 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები