Belive

გიორგი კოხრეიძე: "მოედანზე აუცილებლად გამარჯვებისთვის გავალთ"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

თურქულ "ბასაქშეჰირთან" , უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი მატჩის წინ, "იბერია 1999-ს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კოხრეიძემ ისაუბრა.

"მგზავრობის დროს ბევრ ენერგიას ვხარჯავთ, მაგრამ გამარჯვებამ და ამ ეტაპზე გასვლამ ყველანაირი დაღლა გაანეიტრალა. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა და შევეცდებით, გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა ქართველი გულშემატკივარი გაბედნიერდეს.

გულშემატკივრის როლი ფეხბურთში განსაკუთრებულია, ვთხოვ მათ, რომ მოვიდნენ სტადიონზე და გვერდით დაგვიდგნენ.

ვფიქრობ, ჩვენი უპირატესობა ბურთის ფლობა იქნება. ამ მატჩში გამარჯვებისთვის უნდა ვითამაშოთ.

მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელის კომენტარი, რომ ჩემს თამაშზე აქცენტს გააკეთებენ, ნიშნავს, რომ სხვა პოზიციებზე სივრცეები გაჩნდება და ეს გუნდისთვის გაცილებით უკეთესია.

საქართველოს ნაკრების წარმატება ჩვენთვის სამაგალითოა. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატმა დაგვანახა, რომ ყველანაირი შედეგის მიღწევა შესაძლებელია. თურქეთის ნაკრებთან მატჩში გამარჯვებას ვიმსახურებდით, რაც არ გამოვიდა, მაგრამ იმედი გვაქვს "ბასაქშეჰირთან" მოგებას შევძლებთ" - ამბობს "იბერია 1999-ს" მეათე ნომერი.

"იბერია 1999" "ბასაქშეჰირს" 8 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები