Belive

გიორგი ხარებაშვილი: "ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი იწყება, გარეჯს კი ყოველთვის ვუქომაგებ"

4 თვის წინ ქართული სპორტი
6 წთ

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის 2023 წლის სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლე გიორგი ხარებაშვილი გახლავთ, რომელმაც რეგულარულ გათამაშებაში 18 გოლი გაიტანა, პლეი-ოფში კი კიდევ ორი და ზედიზედ მესამე სეზონი სულ მცირე 15-გოლიანი ნიშნულით დაასრულა.

"გარეჯის" თავდამსხმელს თავადაც კარგი სეზონი გამოუვიდა და მისმა გუნდმაც თითქმის მთელი გათამაშება პირველ პოზიციაზე გაატარა, მაგრამ გადამწყვეტ მატჩებში დამარცხდა და ისტორიაში პირველად ეროვნული ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.

კარგი სეზონების შემდეგ, 27 წლის ფეხბურთელი საქართველოს ტოვებს და კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს. ქვეყნის რანგით უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ "მიხალოვცეში" ქართველი ფორვარდი 2024 წლის პირველ დღეებში შეუერთდება, იქამდე კი განვლილი პერიოდისა და სამომავლო გეგმების შესახებ ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს.

პირველ რიგში, 2023 წლის სეზონი შევაფასოთ, რომელიც საკმაოდ დაძაბული და თქვენი გუნდისთვის გარდამავალი გამოვიდა - თითქმის მთელი გათამაშების განმავლობაში ლიდერობდით, მაგრამ ეროვნული ლიგის საგზური გადამწყვეტ მატჩებში დაკარგეთ...

მთლიანობაში, ბევრი მიზეზი იყო, რამაც ეროვნულ ლიგაში დაწინაურებაში ხელი შეგვიშალა. თუმცა, გადამწყვეტ მატჩებში რომ მცირედით გაგვმართლებოდა, მიზანს აუცილებლად მივაღწევდით.

მიმაჩნია, რომ არამხოლოდ ეროვნულ ლიგა 2-ში, არამედ ეროვნულ ლიგაშიც კი ბევრზე უფრო კარგი გუნდი ვიყავით. თუმცა, რა გაეწყობა - ეროვნულ ლიგაში აღზევება ვერ მოვახერხეთ.

"გარეჯში" თითქმის სამი წელიწადი გაატარე, რის შემდეგაც გუნდიდან მიდიხარ. რაც ალბათ ძალიან ემოციური მომენტია.

პირველ რიგში, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტიდან დაწყებული, ადმინისტრატორით დამთავრებულ თითოეულ ადამიანს, სამწრთნელო შტაბს, ფეხბურთელებს და ყველას.

ჩემთვის რთულია ამ გუნდიდან წასვლა იქიდან გამომდინარე, რომ აქ სამი წელიწადი გავატარე და ვფიქრობ, გუნდის დახმარებით და ღმერთის წყალობით, ნორმალური პერიოდი გამოგვივიდა.

რა თქმა უნდა, ამ დროის განმავლობაში ბევრი გულისტკენაც ვნახეთ და ბევრი სიხარულიც, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. რეალურად, ეს ზრდასა და განვითარებაში გვეხმარება. ამით ვვითარდებით.

გული მწყდება, რომ "გარეჯიდან" მივდივარ, თუმცა ვფიქრობ რაღაცის დასასრული ყოველთვის კარგის დაწყების წინაპირობაა.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

კარგი სეზონის შემდეგ, ბევრი ფეხბურთელის მიმართ ეროვნული ლიგის წარმომადგენელი ან უცხოური გუნდებიდან ინტერესი იქნება. ამის ფონზე, როგორ ფიქრობ, რამდენად შეძლებს "გარეჯი" გაძლიერებასა და კვლავ ეროვნული ლიგის საგზურისთვის ბრძოლას?

გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი უკვე წავიდა, მაგრამ ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია და ვიცი, რომ გუნდი კვლავ იბრძოლებს ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად. ისინი ამას იმსახურებენ, მათ გულშემატკივრად ვრჩები და იმედი მაქვს ბიჭები ამ მიზნის შესრულებას მოახერხებენ.

ასევე, მინდა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ სიყვარულს, რასაც მე მათი მხრიდან ვიღებდი. ისინი სასწაული ადამიანები არიან და არცერთ გუნდში თამაშის დროს ასეთი რამ არ მიგრძვნია. უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, ძალიან მიყვარხართ...

კარგი სეზონების შემდეგ, შენს კარიერაში პირველად დგება ეტაპი, როცა ლეგიონერის სტატუსს მოირგებ. მიდიხარ სლოვაკეთში, სადაც, ზოგადად ქართველი ფეხბურთელებისთვის ადაპტაცია რთული პროცესი არ არის. ამავე დროს, ამ ქვეყნის საუკეთესო გუნდში ჩვენი ნაკრების ყოფილი და მოქმედი კაპიტნები თამაშობენ. თუ გქონდა მათთან კომუნიკაცია და მთლიანად, როგორ ემზადები ახალი წლიდან ახალი გამოწვევისთვის?

პირველ რიგში ყველა იმ გუნდს და მათ ხელმძღვანელობას მადლობას გადავუხდი, რომელმაც კარიერულ ზრდაში თავისი წვლილი შეიტანა. იმედი მაქვს, მეც შევძელი და მათი იმედები გავამართლე.

რაც შეეხება ახალ ეტაპს, დიდი იმედი მაქვს, რომ სლოვაკეთში შევძლებ და ჩემს შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვავლენ.

ამ ეტაპზე, მათთან არ მისაუბრია, მაგრამ ჯაბა კანკავა ჩემი ოჯახის ახლობელია და ჩასვლის შემდეგ, ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით.

ცხადია, ახალ გუნდში, ახალ ქვეყანასა და გარემოში წასვლის წინ, ყველაფრის ზუსტად დაგეგმვა ძალიან რთულია, მაგრამ ვფიქრობ, თუ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას მოვახერხებ, მაშინ ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც მსურს.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

2024 წელი, მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ისტორიულია. როგორია შენი მოლოდინი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის წინ?

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალს, ვფიქრობ, რთული მატჩი გველოდება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დანაკლისის ფონზეც შევძლებთ გამარჯვების მიღწევას.

მიმაჩნია, რომ ჩვენ გვყავს სხვა ძალიან ძლიერი ფეხბურთელებიც და რა თქმა უნდა, უნდა შევძლოთ ამ ბარიერის გადალახვა და ოცნების ახდენა, რომელსაც დიდი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თამაში ჰქვია. იმედი მაქვს, ასეც იქნება.

მომავალი წლისთვის ქართველ გულშემატკივარს რას უსურვებ?

2024 წლისთვის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო რომელიმე ქართული გუნდის უეფას ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იქნება. ქართველ გულშემატკივარს ახალ წელს სწორედ ამას ვუსურვებ. ჩემს თავს კი ვუსურვებ, რომ უფრო მეტად განვვითარდე და დადგეს დრო, როცა ეროვნული ნაკრების კარის შეღებას შევძლებ.

ყველაფერს საუკეთესოს და ბევრ სპორტულ წარმატებას გისურვებთ 2024 წელს!

ფოტო: მიშიკო კანკია

სხვა სტატიები