Belive

გიორგი გოჩოლეიშვილი: "ბავშვობიდან ბარსას ვგულშემატკივრობ, ახლა კი მათ წინააღმდეგ ვითამაშებ - ეს დამატებითი მოტივაციაა"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და დონეცკის "შახტარის" უნივერსალმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ბარსელონასთან" გასამართი მატჩის წინ უკრაინულ მედიასთან ვრცლად ისაუბრა.

"დარიო სრნას მოსვლის შემდეგ გუნდში განწყობა შეიცვალა და ახლა სულ სხვა გარემო სუფევს. დარიოს ყველა ვიცნობთ, ის ლეგენდაა. ჩვენ "შახტარში" თამაშზე შევთანხმდით და კარგი შედეგის იმედი გვაქვს.

საწვრთნელი პროცესის დროს განსაკუთრებულად ახალი არაფერია, ჩვენ ვაგრძელებთ გზას და ვითამაშებთ იმ ფეხბურთს, რისი თამაშიც ვიცით და გვსურს.

სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, ამიტომ ჯობია ეს საქმე ხალხს მივანდოთ. მე ჩემი სტილით ვთამაშობ და არ ვცდილობ სხვისი თამაშის კოპირებას. დაე, გულშემატკივრებმა გააკეთონ შედარებები. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა დარიოს მსგავს ლეგენდასთან შედარება – ეს ორმაგი მოტივაცია და სიხარულია.

დარიოს ბევრი მატჩი ვნახე და აქ რომ გადმოვედი, კიდევ უფრო მეტს ვუყურე. მის თამაშს ვიცნობდი. შეტევაში ძალიან ძლიერი იყო, ჰქონდა შესანიშნავი პასები, კარგი დარტყმა და ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის პოზიციაზე. ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა იმ ფაქტმა, რომ ტრანსფერის წინ თავად დარიო სრნა მესაუბრა.

ტრანსფერის წინ, რა თქმა უნდა, იყო შიშის ფაქტორი. მე მქონდა შემოთავაზებები სხვა უკრაინული გუნდებიდან, მაგრამ უარი ვთქვი ომის გამო. მაგრამ როცა შემოთავაზება მოვიდა "შახტარიდან", როცა ასეთი გუნდი გეპატიჟება, უარს ვერ ვიტყოდი. ამიტომ ომი მხედველობაში აღარ მივიღე.

ირაკლი აზაროვთან დიდი ხანია ვმეგობრობ და ნაკრებში ერთად ვთამაშობთ. ყოველთვის ვთამაშობდით ერთმანეთის წინააღმდეგ, მაგრამ მაინც დავმეგობრდით. მან კონსულტაციისთვის მომმართა, რეკომენდაცია გავუწიე და მიხარია, რომ გადმოვიდა და ახლა ერთად ვთამაშობთ.

უკრაინაში ძალიან კარგი ჩემპიონატია, ბევრი ფეხბურთელი, რომელიც აქ თამაშობს, მათი ეროვნული ნაკრების წარმომადგენელია. ასე რომ, აქ არიან მაღალი კლასის მოთამაშეები, რისი წყალობითაც უკრაინას კარგი ჩემპიონატი აქვს.

ჩემი ოცნება იყო ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და ამ ჰიმნის მოსმენა და ეს შევძელი - წარმოუდგენელი შეგრძნება იყო. ჩემი პირადი გრძელვადიანი მოტივაციაა, მივაღწიო კარიერაში ისეთ დონეს, რომ ყოველთვის ამ დონეზე ვითამაშო, რადგან ეს არის საუკეთესო, რისკენაც შეიძლება მიისწრაფოდეს ფეხბურთელი.

რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის ყველა თამაში და მეტოქე განსაკუთრებულია, "ბარსელონა" განსხვავებულია. მოუთმენლად ველოდებოდი "ბარსასთან" შეხვედრას.

ბავშვობიდან "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ. ყოველთვის მქონდა მათი ფორმა, ვუყურებდი მატჩებს და ვგულშემატკივრობდი. როცა მათ ბავშვობიდან გულშემატკივრობდი და ახლა მათ წინააღმდეგ გადიხარ მოედანზე, ეს ორმაგი მოტივაციაა. ჩვენთან მატჩი ყველაფერს შეცვლის და იმ მომენტში ისინი ყველა ჩემი მეტოქეები იქნებიან.

ჩემი ოცნებაა პრემიერ ლიგაში თამაში, მაგრამ ამჟამად "შახტარის" ფეხბურთელი ვარ, ამიტომ სხვა გუნდებზე არ ვფიქრობ და მთელ ჩემს ძალას, ამ გუნდისთვის და გულშემატკივრებისთვის დავხარჯავ", - თქვა 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა.

"შახტარისა" და "ბარსელონას" მატჩი 25 ოქტომბერს, "კამპ ნოუზე" გაიმართება და თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები