Belive

"გამოსავალს მხოლოდ კონსტრუქციულ დიალოგში ვხედავთ" - დინამო ბათუმმა ფან-კლუბს კიდევ ერთხელ უპასუხა

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"დინამო ბათუმის" გარშემო არსებული ვითარების განხილვა საპასუხო განცხადებების ფორმატში გრძელდება. მას შემდეგ, რაც კლუბის პრეზიდენტის გაკეთებულ განცხადებას ფან-კლუბმა, უპასუხა, "დინამომ" გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიმართა.

"თავს ვალდებულად მივიჩნევთ კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ ჩვენი ფან-კლუბის - "შავი ზღვის პირატების" მიერ გაკეთებულ განცხადებას "დინამოს" მატჩების ბოიკოტის შესახებ და საზოგადოებას განვუმარტოთ მოცემული ვითარება.

კლუბის მენეჯმენტის მხრიდან, არ ჰქონია ადგილი მხოლოდ ვეტერან ფეხბურთელებთან შეხვედრის შეთავაზებას. ჩვენი შეთავაზება ითვალისწინებდა ცალკეულ ფორმატში კლუბის მენეჯმენტთან, ფეხბურთელებთან, სამწვრთნელო შტაბთან და პრეზიდენტთან შეხვედრას, რაზეც ყველა ეტაპზე მივიღეთ უარი, რაც აღნიშნული პროცესის მიზანმიმართული პერსონალიზაციის განცდას გვიჩენს.

კლუბის მენეჯმენტის მხრიდან დიალოგის კონსტრუქციულ და სადისკუსიო რეჟიმში გადაყვანის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მივიღეთ მხოლოდ ტენდენციური და ნეგატიური უკუკავშირი, რაც ჩვენი აზრით, კლუბის ინტერესებს ვნებს და აზარალებს.

ძალიან სამწუხაროა, რომ ფან-კლუბის მხრიდან სხვა გულშემატკივრის მიმართ ისმის მატჩების ბოიკოტის და საგულშემატკივრო ატრიბუტიკის არ გამოყენების პირდაპირი თუ ირიბი მოწოდებები.

კლუბის მენეჯმენტი შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს მხოლოდ კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ხედავს. იმედს ვიტოვებთ, რომ ფანკლუბის წევრები გაითავისებენ ზემოაღნიშნულ მოცემულობას და კლუბის ინტერესებს პირად შეხედულებებზე მაღლა დააყენებენ.

პატივისცემით,

"დინამო ბათუმის" ადმინისტრაცია", - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში. - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

"დინამო ბათუმი" უეფას ევროპის კონფერენს ლიგაზე გამოსვლას პირველ რაუნდში ალბანურ "ტირანასთან" ორი მატჩის ჯამში - 2:3 (1:1, 1:2) მარცხის შემდეგ გამოეთიშა, რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს,  აჭარული კლუბი ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 19 ტურის შემდეგ დაგროვებული 42 ქულით პირველ პოზიციას იკავებს და უახლოეს მდევარ "საბურთალოს" 4 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები