Belive

გაგი მარგველაშვილი: "ამერიკულ ცხოვრებას ნელ-ნელა ვეგუები, განვითარებისთვის მშვენიერი პირობები მაქვს"

4 თვის წინ ქართული სპორტი
11 წთ

უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩში „იბერია 1999-მა“ თურქულ „ბასაქშეჰირს“ უმასპინძლა და (0:1) წააგო. საპასუხო მატჩამდე, ამ გუნდის აკადემიის იმ ერთ-ერთ საუკეთესო აღზრდილს, რომელიც ამჟამად ქვეყნის ფარგლებს მიღმა წარმატებით თამაშობს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვესაუბრეთ.

გაგი მარგველაშვილი ამჯერად ამერიკის საფეხბურთო ლიგის დასავლეთის ზონის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდში, „ოკლენდ რუთსში“ თამაშობს. 27 წლის ცენტრალურ მცველს ჩვენ ყოფილი გუნდის მატჩის გარდა მის კარიერაში არსებულ სიახლეებზე, სანაკრებო წარმატებასა და სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.

კარიერის საწყისი წყლების შემდეგ, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში, შემდეგ კი ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონ გუნდში გაატარე, კონტინენტის შეცვლა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაბარგება გადაწყვიტე. როგორ მიიღე ეს გადაწყვეტილება და რა სირთულეებთან დაკავშირებული აღმოჩნდა თავდაპირველად აშშ-ში გადასვლა? როგორია ახალ კონტინენტთან შეგუების ეტაპები, როგორც სპორტული, ისე ცხოვრებისეული თვალსაზრისით?

რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილების მიღება და ყველაფრისგან ასე შორს წასვლა მარტივი არ არის. ყველამ ვიცით, რომ ამერიკული ცხოვრების სტილი და ტემპი ევროპულისგან საგრძნობლად განსხვავდება. იმისთვის, რომ ამ ყველაფერს შეეჩვიო, გადააფასო, ადაპტირდე და ფეხი აუწყო, გარკვეული დრო გჭირდება.

თავად მე, ვფიქრობ ძნელი, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება მივიღე, რადგან „დინამო თბილისმა“ გადაწყვიტა, რომ არ ვარ ის ფეხბურთელი, რომელიც გუნდს სჭირდება. მათ ჩემი გაშვება გადაწყვიტეს, რის გამოც მადლობელი ვარ, რადგან აქ შესაძლებელია ვერ მოვხვედრილიყავი.

ნახევარი წელიწადია რაც ამერიკულ ცხოვრებასთან შეგუებას ვცდილობ და ვფიქრობ, ეს საინტერესო ეტაპია. აქ ბევრ დადებით ემოციას ვიღებ და ეს ძალიან მომწონს, რადგან, როცა თავს კარგად გრძნობ, საყვარელი საქმის კეთება გაცილებით უფრო მეტად გიადვილდება.

რა შეგიძლია თქვა იმ ლიგაზე, რომელშიც თამაში გიწევს, როგორია საფეხბურთო დონე და MLS-ის ხარისხის ზრდა, ლიონელ მესის, ლუის სუარესის და სხვა ვარსკვლავების გადასვლა რამდენად ზრდის ამერიკაში ფეხბურთის პოპულარულობის დონეს? კარიერული პერსპექტივით, როგორ ფიქრობ, ზრდისა და განვითარებისთვის როგორი გარემოა? ასევე, როგორ მუშაობს საფეხბურთო მენეჯმენტი ორგანიზებისა და განვითარების მიმართულებით?

ევროპულ ფეხბურთთან შედარებით განსხვავება ნამდვილად შეიმჩნევა. განსაკუთრებული აქცენტი, ჩემპიონატის შეფუთვასა და ცნობადობის გაზრდაზე კეთდება. ყველა მატჩი სამუშაო კვირის შემდეგ, დასვენების დღეებში ტარდება. ამავე დროს, გუნდის განვითარებაში, აქტიურად არის ჩართული თავად ქალაქი და მოსახლეობა.

ყველა ცდილობს, რომ მაქსიმალურად გავრცელდეს ხმა იმის შესახებ, თუ როდის არის „ოკლენდ რუთსის“ მატჩი. ჩვენს გუნდს ამ მხრივ ყველაფერი საკმაოდ კარგად აქვს ორგანიზებული და ერთგული ქომაგების ჯგუფთან ერთად ბევრს აკეთებენ იმისთვის, რომ შაბათს, სტადიონზე მოსული ხალხი, შინ ნასიამოვნები დაბრუნდეს. შეიძლება ითქვას, მატჩის ორგანიზება კონცერტის და ღონისძიების ელემენტებით ხდება და შედეგის მიუხედავად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გულშემატკივარმა სიამოვნების მიღება მაინც შეძლოს. ეს ძალიან მომწონს და ვფიქრობ, მატჩს უფრო მეტად მიმზიდველს და საინტერესოს ხდის.

ბევრია ისეთი გუნდი, რომელსაც აქვს საკმაოდ მაღალი დონე და კარგი ფეხბურთის თამაშს ახერხებს. ვფიქრობ, ლიგა იზრდება და კარიერის განვითარებისთვის აქ თამაში ცუდი ნამდვილად არ უნდა იყოს: აქ თამაში გარკვეული გამოცდაა იმ ფეხბურთელებისთვის, რომელთა ამოცანაც MLS-ში მოხვედრაა.

რაც შეეხება თავად MLS-ს, ლიგა ყოველწლიურად ვითარდება, რაზეც იმ ვარსკვლავების სახელები მეტყველებენ, რომლებიც ჩემპიონატში გადმოვიდნენ. თავის მხრივ, ეს ზრდის ფეხბურთის პოპულარულობას და ამავე დროს, პატარა ასაკის გულშემატკივრებში, ბავშვებში სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესს აორმაგებს.

ზოგადად, ამერიკაში, მხოლოდ სპორტზე კონცენტრირებას განათლების მიღების გარეშე ვერ შეძლებ. სპორტული კარიერის განვითარება და სწავლა აქ პარალელურად ხდება. საინტერესო და კარგი მიდგომაა. სწავლისთვის გვერდის ავლას ვერ შეძლებ, პირიქით ყველაფერი, რასაც აკეთებ, განათლების მიღებასთან უნდა შეათავსო. ვფიქრობ, საინტერესო და სწორი პრაქტიკაა, რადგან აქ დაბადებულ თითქმის ყველა ბავშვს, მომავალში აქვს უმაღლესი განათლება და ეს როგორც სპორტში, ისე ცხოვრებაში ძალიან ეხმარებათ.

View this post on Instagram

A post shared by Oakland Roots Sports Club (@oaklandroots)

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები, რომელსაც ამერიკულ საფეხბურთო ცხოვრებაში ხვდები?

როგორ ემზადებიან გუნდები და როგორ ცდილობენ, სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს სასიამოვნო გარემო შეუქმნან. ვფიქრობ, ასეთი მიდგომები ფეხბურთს გულშემატკივრისთვის უფრო საინტერესოს და მიმზიდველს ხდის. ყოველ შაბათს ხალხი ოჯახებთან ერთად თამაშამდე ორი საათით ადრე მოდის სტადიონზე და არაერთი გასართობი აქტივობა ხვდებათ. ადამიანებისთვის ეს განტვირთვის საშუალება და პოზიტიური ენერგიის წყაროა, სწორედ ამიტომ უხარიათ მათ სტადიონზე მოსვლა.

მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტორი, რომ მედია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჩემპიონატის გაშუქებას. ამ სფეროში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული და მაღალი ხარისხის პროდუქტი იქმნება.

ამერიკაში საკმაოდ წარმატებულად თამაში დაიწყე, გარდა იმისა, რომ შენს უშუალო მოვალეობებს დაცვის ხაზში საკმაოდ კარგად ასრულებ, შეტევაშიც პროდუქტიული ხარ, უკვე თითო-თითო გოლი და საგოლე პასი მოაგროვე. ფიზიკურადაც კარგ ფორმაში ხარ, ხომ არ არსებობს უკეთესი შემოთავაზება რომელიმე ქვეყნის, ან ამერიკის უფრო მაღალი ლიგის გუნდიდან?

„დინამო თბილისში“ ხუთთვიანი უთამაშებლობის შემდეგ, აქ ჩემპიონატში თამაში საკმაოდ კარგად დავიწყე და ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ამ ყველაფერში დამეხმარა. ასეთ დროს კარგ თამაშს ბევრ რამეზე გავლენის მოხდენა შეუძლია. თვითშეფასება გიბრუნდება, სეზონის დასაწყისშივე გრძნობ, რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი ხარ.

სეზონის დასაწყისი გუნდისთვის არც ისე წარმატებული გამოდგა, მაგრამ ჩვენი თამაშის პოვნა და ფორმაში შესვლა მოვახერხეთ. მიხარია, რომ ჩემს მიერ მატჩის დასკვნით წუთზე გატანილმა გოლმა გუნდის თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლო. იმ მატჩით მოუგებელი სერია დავასრულეთ და დავიწყეთ ხანგრძლივი, მოგებების პერიოდი, დღეს კი უკვე მოწინავე პოზიციებზე ვართ და საკმაოდ კარგ გუნდად ჩამოვყალიბდით.

ჯერ ასე გადაჭრით საუბარი არ შემიძლია, მაგრამ დიახ, ინტერესი უკვე არსებობს და იმედი მაქვს, დროის გასვლის პარალელურად, ხალხი უფრო მეტად გამიცნობს და დარწმუნებული ვარ, ეს დაინტერესება გაიზრდება.

საქართველოს ნაკრებზეც ვისაუბროთ. 2024 წელი ჩვენს საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოდგა. გახსოვს შენი ემოციები ჯერ 26 მარტს, შემდეგ კი ივნისის თვეში, როცა ისტორიულ, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მივიღეთ და საფეხბურთო ევროპაზე ბრწყინვალე შთაბეჭდილება დავტოვეთ. ნაკრებში, შენი თაობის ბევრი ფეხბურთელი თამაშობს და არიან ისეთები, რომლებთან ერთადაც გუნდსა და ახალგაზრდულ ნაკრებებში გითამაშია, ამ მხრივ ეს ევროპის ჩემპიონატი შენთვის ალბათ დამატებით ემოციური აღმოჩნდა.

რაც თავი მახსოვს, ფეხბურთისგან ასეთი ემოცია არ მიმიღია. ალბათ ესაა ყველაზე დიდი და ბედნიერი ემოციები ფეხბურთისგან. ამ ყველაფერს ისიც აორმაგებს, რომ გუნდში ჩემი ბევრი ნაცნობი და მეგობარი თამაშობს.

ის ერთი თვე ალბათ ქართულ საფეხბურთო ისტორიას და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს არასდროს დაავიწყდება.

როგორ ფიქრობ, საქართველოს ნაკრების მიერ დაფიქსირებულ ისტორიულ შედეგს რა ძირითადი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ფართო მასშტაბში ქართული ფეხბურთის განვითარებაზე?

მუხტი, რომელიც ამ წარმატებამ გააჩინა, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და არაერთ ბავშვს დააინტერესებს ფეხბურთით.

ისეთი ადამიანებიც კი, რომლებიც ფეხბურთისგან განსაკუთრებულად შორს იმყოფებოდნენ, ინტერესდებიან სპორტის ამ სახეობით და ისმის, რომ მატჩების ყურება დაიწყეს.

ყველა ვხედავთ, რომ საქართველოში, ბავშვების მაისურებზე მესისა და რონალდუს გვარები ქართველი ფეხბურთელების გვარებით ჩანაცვლდა. ყველას ჩაკვეტაძეობა, კვარაცხელიობა, მამარდაშვილობა და მიქაუტაძეობა უნდა და არა სხვა მსოფლიო ვარსკვლავებთან თავის ასოცირება. ეს ალბათ ყველაზე დიდი ეფექტია, რაც კი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების გამოსვლას შეძლო ახალგაზრდა თაობისთვის მოეტანა.

მიმაჩნია, რომ ფეხბურთის ფედერაცია ძალიან ბევრს ზრუნავს იმ მიმართულებით, რომ ეს წარმატება გაგრძელდეს და უფრო მეტი ადამიანი, ახალი თაობის უფრო მეტი წარმომადგენელი ჩაერთოს სპორტის ამ სახეობაში და მჯერა, ეს ყველაფერი სასიკეთო გავლენას აუცილებლად იქონიებს.

Image 176

შენი მშობლიური გუნდი "იბერია 1999" ახლა უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბასაქშეჰირთან" თამაშობს. ეს გუნდისთვის ისტორიული მომენტია, ორი ბარიერიც და ჯგუფური ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ. გასაგებია მეტოქის სტატუსი, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში მოულოდნელობები და სენსაციები გახშირდა, დონეც საკმაოდ გათანაბრდა და ეს ევროპის ჩემპიონატზეც ვნახეთ. როგორ ფიქრობ, რა შანსი აქვს ახლა უკვე "იბერია 1999-ს" რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეს და რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკივრის ფაქტორი? შესაძლებელია თუ არა, რომ სანაკრებო წარმატების მუხტი "იბერიასაც" დაეხმაროს?

მიხარია, რომ „იბერია 1999-ს“ რეგულარულად, ევროპულ ტურნირებზე პატარ-პატარა წარმატებები აქვს. ერთადერთი ქართული გუნდია, რომელიც საერთაშორისო სარბიელზე გამოსვლას აგრძელებს.

ვფიქრობ, „იბერიამ“ ძალიან დასანანი მატჩი წააგო, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ისევ არსებობს. ამის თქმის შესაძლებლობას გუნდის მიერ ნაჩვენები თამაში, შექმნილი მომენტები და დომინირების მონაკვეთები მაძლევს.

მარტივი თამაშის მოლოდინი რა თქმა უნდა არ არის, მით უმეტეს თურქი ქომაგების ფაქტორის გათვალისწინებით. საინტერესოა, როგორ მოახერხებს გუნდი ამ ფაქტორთან გამკლავებას და მინიმალური სხვაობის აღმოფხვრას.

გუნდში იმ ფეხბურთელებს ვხედავ, რომლებიც ჩემს დროს აკადემიაში ფეხის მოკიდებას ცდილობდნენ. ისინი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან და არავისთვის არაფრის დათმობას არ აპირებენ. იმედი მაქვს, სანაკრებო წარმატებით გამოწვეული სტიმული „იბერიასაც“ დაეხმარება წარმატებით მიღწევაში.

სწორი ანალიზითა და დაგეგმარებით ყველაფერი შესაძლებელი იქნება „იბერია 1999-სთვის. რა თქმა უნდა, ეკრანიდან ვუქომაგებ და წარმატებას ვუსურვებ მოედანზე. ყოველთვის ბედნიერი ვიქნები იმ გუნდის წარმატებით, რომელშიც ჩემი საფეხბურთო კარიერის საკმაოდ დიდი ნაწილი გავატარე.

სხვა სტატიები