"გადამწყვეტი ფაქტორია" - kicker-მა კიტეიშვილი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის და 2025 წლიდან უკვე ვიცე-კაპიტნის, ოთარ კიტეიშვილის კარიერაში გამორჩეული წლებია: ზედიზედ ორჯერ მოგებული ავსტრიის თასი, "რედ ბულ ზალცბურგის" 10-წლიან დომინირებაში ჩარევა და ავსტრიის ჩემპიონატის ოქროს მედლების დაუფლება, გრაცის "შტურმის" წინა სეზონის ბომბარდირობა და ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება. ეს იმ წარმატებული ნაბიჯების ჩამონათვალია, რაც გასული წლების განმავლობაში ქართველმა ათიანმა გადადგა, მაგრამ სტატისტიკის მიღმა არის ისეთი საფეხბურთოდ მნიშვნელოვანი გარემოებები, როგორიც გუნდის კაპიტნის სამკლაურის ღირსეულად ტარება, გულშემატკივრის განუზომელი სიყვარული და ევროპულ ქალაქში გამორჩეული აღიარება ჰქვია.
წარმატებულ ნაბიჯებს კიტე ამ სეზონშიც დგამს და იგი გუნდს ზედიზედ მეორე და ისტორიაში მეხუთე ჩემპიონობისკენ მიუძღვება. სეზონის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ოთარ კიტეიშვილმა და მისმა გუნდმა "რედ ბულის" გუნდთან 13 აპრილს სტუმრად, ზალცბურგში გამართეს, სადაც საწყისი ტაიმი წააგეს, მეორე ნახევარში კი გუნდის ქართველმა ლიდერმა ჯერ 11-მეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა, შემდეგ კი ზუსტ პენალტს საჯარიმოს გარედან ულამაზესი გასროლა დაამატა და უპრინციპულეს მატჩში გრაცელებს 3 ქულა მოუტანა.
ამ მომენტისთვის, "შტურმი" ჩემპიონატში 30 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე მყოფ ვენის "რაპიდს" 3 ქულით უსწრებს და კიდევ 7 ტურში საკუთარ თავზეა დამოკიდებული.
ოთარ კიტეიშვილის კარიერაში ერთ-ერთი რჩეული მატჩი უყურადღებოდ ავსტრიულ მედიას არ გაუტარებია და პოპულარულმა kicker-მა იგი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
"ქართველი ფეხბურთელის თამაში კვირას "ზალცბურგთან" ჩატარებულ მატჩში გადამწყვეტი ფაქტორი გახლდათ: პენალტი თავად მოიპოვა, დუბლი შეასრულა და "რედ ბულის" გუნდთან 5-ქულიანი უპირატესობა შექმნა.
კიტეს კარგი თამაში "ზალცბურგთან" გასაკვირი არ არის, რადგანაც მან ამ მეტოქეს კარიერაში უკვე ყველაზე მეტი, 7 გოლი გაუტანა. გამორჩეულია ის ფაქტი, რომ მას ამ სეზონში 11 გოლი აქვს გატანილი", - წერს kicker.
ოთარ კიტეიშვილს ამ სეზონში, "შტურმის" შემადგენლობაში ავსტრიის ჩემპიონატის, თასის და ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 35 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.