Belive

footmercato: "მიქაუტაძეს ადაპტაცია შეუძლია"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ფრანგული footmercato-ი საქართველოს ნაკრებისა და ამსტერდამის "აიაქსის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ საუბრობს და მის ნიდერლანდურ გრანდში არსებულ ვითარებას განიხილავს.

"წინა სეზონში "მეცში" გაბრწყინების შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე "აიაქსმა" დაიმატა, მაგრამ ეს ტრანსფერი ნამდვილად გაუმართლებელი აღმოჩნდა.

ლიგა 1-ში დაწინაურებულ "მეცს" შეუძლია მადლობა გადაუხადოს გიორგი მიქაუტაძეს. გუნდი წინა სეზონში ლიგა 2-ში მეორე ადგილზე გავიდა, ძირითადად ქართველი თავდამსხმელის წყალობით. ბელგიურ "სერენში" იჯარით ორი სეზონის გატარების შემდეგ დაბრუნებულმა ცენტრ-ფორვარდმა 24 გოლი და 9 საგოლე პასი მოაგროვა. შთამბეჭდავი მაჩვენებლები, რამაც მას საშუალება მისცა მოეპოვებინა ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშის ტიტული.

ქართველმა ელიტაში გამოსვლაც კარგად დაიწყო და საწყის სამ მატჩში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

"ბარნლი", "მილანი", "ლაციო" და "იუვენტუსი" არიან გუნდები, რომლებსაც მიქაუტაძის დამატება სურდათ, მაგრამ ტრანსფერი ნიდერლანდურ გრანდში შედგა, რომელსაც ბონუსების გათვალისწინებით ეს ამბავი 19 მილიონ ევრომდე დაუჯდა.

თუმცა, ფეხბურთელსა და გუნდს შორის ურთიერთობა ისე არ განვითარდა, როგორც ყველა ველოდებოდით. ის მხოლოდ 7 მატჩში ათამაშეს, საიდანაც მხოლოდ ორი დაიწყო ძირითადი შემადგენლობიდან. გარდა ამისა, მიქაუტაძე მისთვის უჩვეულო, ფლანგის შემტევისა და შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშეს.

ძალიან რთული სიტუაციაა ფეხბურთელისთვის, რომელიც შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია, რადგან მას საქართველოს ნაკრების გასულ ოთხ მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

ტაქტიკური პრობლემაა?

უნდა ითქვას, რომ პერიოდი, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე მოვიდა, არ არის ყველაზე ხელსაყრელი. სპორტულ და ინსტიტუციურ კრიზისში, ამსტერდამის "აიაქსმა" დაინახა, რომ სპორტული დირექტორი სვენ მისლინტატი, მთავარი მწვრთნელი მორის სტეინი და პრეზიდენტი პიერ ერინგა გასათავისუფლებელები იყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა თამაშის ხარისხი და შედეგი გამოასწორა და ცხრილის ზედა ნაწილში დაბრუნდა, მიქაუტაძეს მოედანზე გასვლის საშუალება საერთოდ არ ეძლევა.

შესაძლოა, მიქაუტაძეს ტაქტიკურად გუნდთან ადაპტაცია სჭირდებოდეს, რაზეც მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან'ტ სხიპმა ისაუბრა, მაგრამ ქართველ ფეხბურთელს, მსგავსად თავისი თანამემამულის, შოთა არველაძისა, ამის გაკეთება შეუძლია", - წერს footmercato-ი.

2023/24 წლების საფეხბურთო სეზონში, გიორგი მიქაუტაძეს "აიაქსში" მხოლოდ შვიდ მატჩში მიეცა თამაშის შესაძლებლობა, სადაც სათამაშო დროის აბსოლუტური უმრავლესობა მისთვის უჩვეულო პოზიციაზე გაატარა. რაც შეეხება ლიგა 1-ს, იქ მან "მეცის" შემადგენლობაში სამ შეხვედრაში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები