Belive

ფერდინანდ ფელდჰოფერი: "წინა მატჩისგან განსხვავებით, ახლა სრულფასოვნად მზად ვართ"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ, "დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა, ფერდინანდ ფელდჰოფერმა პრესკონფერენციის დროს მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

"საწვრთნელი პროცესი ძალიან დატვირთული გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

თორნიკე ოქრიაშვილი უკვე 90 წუთის სათამაშოდ მზად არის და საპასუხო შეხვედრის განაცხადში იქნება. მისი ვერ თამაში პირველ შეხვედრაში სწორედ მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ.

ძალიან ახალგაზრდული გუნდი ვართ. ჩემი აზრით, მიმდინარე სეზონში, უეფას შეჯიბრებებზე ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს, რისი დასტურიც საბა ხარებაშვილის რეკორდია (ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი უეფას ტურნირების ისტორიაში). ვცდილობთ, რომ გამოცდილ და ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის კარგი ბალანსი ვიპოვოთ.

წინა მატჩში ყველა ფეხბურთელი ოპტიმალურ ფორმაში არ გახლდათ, ახლა კი მიმაჩნია, რომ სრულყოფილად მზად ვართ.

რამდენიმეწუთიან მოკლე მონაკვეთში კონცენტრაცია დავკარგეთ და 2 გოლი გავუშვით. ამის ძირითადი მიზეზი სწორედ ახალგაზრდული შემადგენლობა და გამოცდილების ნაკლებობა გახლავთ. წინა მატჩის შემდეგ გუნდი გაიზარდა. ფსიქოლოგიურად როგორც 90, ისე 120 წუთის სათამაშოდ მზად ვართ.

მზად ვართ პენალტების სერიისთვისაც, ჩვენ სუპერ თასის ფინალისთვისაც მოვემზადეთ და ამ მხრივ ფორმაში ვართ.

ჩვენი მეტოქე ფიზიკურად ძალიან ძლიერია. ჩვენს უპირატესობაზე თუ ვისაუბრებთ, ბურთის ფლობა და შეტევასა და დაცვაში ბალანსის პოვნა ყველაზე მნიშვნელოვანია.

საქართველოში ჩამოსვლამდე, მე "დინამოს შესახებ" ბევრი რამ ვიცოდი. დამიჯერეთ, რომ ევროპაში ეს დიდი სახელი ყველას კარგად მოეხსენება. მიხარია, რომ ამ დიდი გუნდის ნაწილი ვარ და მსურს, მათთან ერთად წარმატებას მივაღწიო.

ლუკა ლოჩოშვილთან ერთად ავსტრიაში "ვოლფსბერგერში" მუშაობა მომიწია. ქართველ ფეხბურთელთან ეს ჩემი პირველი შეხება გახლდათ. მისი ამ დონეზე თამაშით ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. მისი მწვრთნელობა ცოტა ხნის განმავლობაში მომიწია, მაგრამ იქამდე საკმაო ხანს ვაკვირდებოდი და "ვოლფსბერგერში" ჩემი გადაწყვეტილებითა და სურვილით მოვიდა. ვიცი მისი ტალანტისა და შესაძლებლობების შესახებ, მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტად მოუმატებს და თავის საშემსრულებლო ოსტატობასა და კლასს მაღალ დონეზე გამოავლენს. საქართველოს ნაკრები ახლა ძალიან სწორ გზაზე დგას და მათ წარმატებას ვუსურვებ", - ამბობს ავსტრიელი მთავარი მწვრთნელი.

საწყისი მატჩი მონტენეგროულმა გუნდმა (2:1) მოიგო. საპასუხო შეხვედრა თბილისში, 18 ივლისს გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები