Belive

ესპანური მედია: მამარდაშვილს ვალენსიაში კანისარესი შეცვლის

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ის, რომ 2023/24 წლების სეზონი გიორგი მამარდაშვილისთვის განსაკუთრებულად კარგი გამოდის და ქართველი მეკარე მსოფლიოს არაერთი გრანდის ინტერესის სფეროშია, უკვე ჩვეულ ამბად იქცა.

ესპანური და ევროპულ მედიაში იმაზეც აქტიური საუბარი მიმდინარეობს, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე გუნდს მალე შეიცვლის, "ვალენსია" კი მისი შემცვლელის ძიებაზეა გადართული. აქამდე, საინტერესო ვერსიამ გაიჟღერა, რომლის მიხედვითაც, მამარდაშვილი ლონდონის "ჩელსიში" გადავიდოდა, მას კი "ღამურების" რიგებში სწორედ ამ გუნდთან კონტრაქტის მქონე და მადრიდის "რეალში" განათხოვრებული კეპა არისაბალაგა შეცვლიდა.

ამავე დროს, 23 წლის ქართველი მეკარის კიდევ ერთ პოტენციურ შემცვლელად, ძალიან საინტერესო ფეხბურთელი განიხილება. საუბარია ლუკას კანისარესზე, რომელიც ამ გუნდისა და ესპანური ფეხბურთის ლეგენდის, სანტიაგო კანისარესის ვაჟი გახლავთ და რომლის დამატებაც ვალენსიელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება.

"გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" უკვე რამდენიმე სეზონია ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს და "ვალენსია" უკვე აცნობიერებს, რომ დროა მისი შემცვლელი აქტიურად ეძებონ.

რამდენიმე სეზონის ძალიან მაღალ დონეზე ჩატარების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი ახლა უკვე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდა.

ქართველი მეკარე არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს და მისი ტრანსფერის დახურვა მხოლოდ დროის საკითხია.

შესაბამისად, "ვალენსიას" შემცვლელის ძიება უწევს და ჩვენ უკვე შევიტყვეთ, თუ ვინ არის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი კანდიდატი.

მრავალ ვარიანტს შორის, რომელსაც ისინი განიხილავენ, არის ლუკას კანისარესი. მეკარე, ლეგენდარული სანტიაგო კანისარესის ვაჟი და მთელი კარიერა მადრიდის "რეალის" ახალგაზრდულ გუნდში გაატარა. ამჟამად ის არის "რეალის" აკადემიის გუნდის, "კასტილიას" მთავარი მეკარე, სადაც ის რაულ გონსალეს ბლანკოს ხელმძღვანელობით თამაშობს. თუმცა, ის მადრიდელთა სარეზერვო გუნდში დიდხანს არ გაჩერდება.

მადრიდის "რეალის" მთავარ გუნდში არსებული კონკურენციიდან გამომდინარე, 21 წლის მეკარე სხვა გუნდების ვარიანტებს განიხილავს, მსურველთა სიაში კი ერთ-ერთი "ვალენსიაა".

ყველაფერი 2024 წლის ზაფხულში გაირკვევა და გავიგებთ, თუ სად ითამაშებს გიორგი მამარდაშვილი", - წერს elgoldigital.com-ი.

გიორგი მამარდაშვილს 2023/24 წლების სეზონში, "ვალენსიას" მაისურით 19 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 23 გოლი გაშვებული. რაც შეეხება "ვალენსიას", გუნდს ლა ლიგაში 19 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს დაგროვებული და მეცხრე პოზიციას იკავებს, ხოლო ესპანეთის სამეფო თასზე მერვედფინალური ეტაპის საგზური აქვს მოპოვებული.

სხვა სტატიები