Belive

სანდრო ალთუნაშვილი: "ევრო 2024 რეგულარული წარმატების დასაწყისი უნდა გახდეს"

4 თვის წინ ქართული სპორტი
9 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის სადებიუტო გამოდგა, ქართველი გულშემატკივრის მეხსიერებაში დაუვიწყარი იქნება. გერმანული ზაფხული, ემოციების ზღვა, ქართული დესანტი გერმანიის სტადიონებზე, როგორც მოედანზე, ისე ტრიბუნებზე და საერთო ევროპული აღიარება საქართველოს ნაკრებსა და ქართველ ქომაგებს.

თუმცა, ეს არა უბრალოდ ზღაპრის კეთილი დასასრული, არამედ ახალი, რეგულარული წარმატების მომტანი ეპოქის დასაწყისი უნდა გახდეს, რაზეც ჩვენთან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, სანდრო ალთუნაშვილი საუბრობს. "ვოლფსბერგერის" ფეხბურთელი, რომელსაც ავსტრიაში დავუკავშირდით, სანაკრებო ბატალიების, გუნდში დაბრუნების, ახალი სეზონი სტარტისა და თავისი მშობლიური გუნდის, "იბერია 1999-სთვის" (აქამდე "საბურთალო") მოახლოებული, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის შესახებ გვესაუბრა.

ევროპის ჩემპიონატზე საუბრით დავიწყოთ. დაუვიწყარი ემოციები და ისტორიული დღეები საქართველოსთვის. რას ნიშნავს შენთვის ამ ყველაფრის ერთ-ერთი შემოქმედის რანგში ყოფნა და ათასობით ბავშვისა და მრავალი თაობის ოცნების ასრულებაში მონაწილეობა?

ევროპის ჩემპიონატის დღეები დაუვიწყარი და ემოციური გამოვიდა. ქართველი ხალხის ათწლეულების ოცნების რეალობად ქცევით ძალიან გახარებულები ვართ. ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის უშუალო მონაწილე გავხდი.

გერმანიაში, ნაკრები პატარა ქალაქ ველბერტში დაბანაკდა და შესაბამისად დიდ ქალაქებთან და იქ არსებულ გარემოსთან შეხება ნაკლებად გქონდათ, მაგრამ ალბათ ატმოსფეროს, რომელსაც ქართველი გულშემატკივრები ქმნიდნენ, გრძნობდით. რამდენად ახდენდა ეს ყველაფერი გავლენას ნაკრებში არსებულ გარემოზე და რამდენად გახდა ეს ყველაფერი დამატებითი მოტივაცია?

მართალია, ველბერტი შედარებით პატარა ქალაქია, მაგრამ იქაც ვგრძნობდით იმ ატმოსფეროს, რომელსაც ქართველი ქომაგები სტადიონზე მისვლამდე, სხვა, დიდ ქალაქებში ქმნიდნენ. ტელეფონში ერთ-ერთი ფოტო მაქვს შენახული, როდესაც ქართველი ხალხი, ზღვა რაოდენობით სტადიონის მიმართულებით მიდის. ჩემთვის ეს კადრი ძალიან ემოციურია, თითქოს, რაც ჩემს ოცნებაში მქონდა წარმოდგენილი, ყველაფერს ეს ფოტო ასახავს. ასევე, სასტუმროს ტერიტორიასთან ახლოს, ქართველი ქომაგები ხშირად მოდიოდნენ და უშუალოდ ვგრძნობდით იმ ემოციურ გარემოს, რომელსაც გერმანიის ქალაქებში ქართველი გულშემატკივრები ქმნიდნენ. შემდეგ, ეს ყველაფერი მოედანზე, ჩვენს თამაშში ისახებოდა.

საერთო მოსაზრებით, როგორც ნაკრებმა, ისე ქომაგებმა სადებიუტო ჩემპიონატზე ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვეს. უშუალოდ მოედანზე ყოფნის დროს, გერმანიის სტადიონებზე ჩამოსული ათასობით ქართველის გულმხურვალე ქომაგობა ტრიბუნებიდან რას ნიშნავდა თქვენთვის?

ამ მოსაზრებას მეც ვეთანხმები. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა გერმანიის სტადიონების ტრიბუნებზე ქართველი ხალხის ქომაგობას ვგრძნობდით. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან საამაყოა. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი საკუთარ ოცნებებში ვცხოვრობდით. სტიმული, რომელიც ტრიბუნიდან მოდიოდა, მოედანზე ჩვენს ქმედებას აძლიერებდა. იმ ყველაფრისთვის, რაც ქართველმა ქომაგებმა გერმანიაში გააკეთეს, მათ მადლობას ვუხდი. ყველას მადლობა, გერმანიაში ჩამოსულ ქომაგსაც და ეკრანთან მყოფ გულშემატკივარსაც.

პორტუგალიასთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვებისას, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ შენი ემოციები თუ გახსოვს? რას გრძნობდით, როცა თბილისში და საქართველოში მიმდინარე ზეიმის კადრებს ნახულობდით?

პორტუგალიასთან მატჩის მიწურული როგორც კი მოახლოვდა, მხოლოდ საფინალო სასტვენზე ფიქრი დავიწყე, აი უშუალოდ სასტვენის შემდეგ კი რა ხდებოდა, უკვე აღარ მახსოვს. მოუთმენლად ველოდით მოედანზე შევარდნას და სიხარულის ქომაგებთან ერთად გაზიარებას. ყველაფერი ისეთი სცენარით განვითარდა, ალბათ წინასწარ რომ ვინმეს ეთქვა, ვერ დავიჯერებდით: პორტუგალიის ნაკრებთან გამარჯვების შედეგად ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში მოვხვდით! წარმოუდგენელი იყო კადრები, რომელიც მატჩის შემდეგ ვნახეთ. ეს ცალკე სიამაყის საფუძველია, რადგან ვნახეთ გაერთიანებული ქართველი ერი და ამან დამატებითი ბედნიერება მოგვანიჭა.

Image 176

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, საქართველოს ნაკრების, ქართული ფეხბურთის და მთლიანად საქართველოს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. როგორ ფიქრობ, რა უნდა იყოს ამ თაობის და ამ გუნდის შემდეგი ნაბიჯი დიდ ფეხბურთში?

ამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დავინახეთ თუ რამდენად კარგად შეგვიძლია დიდ ტურნირებზე თამაში. ვფიქრობ, შეგვწევს ძალა და გვაქვს იმის შესაძლებლობა და რესურსი, რომ ორ წელიწადში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდეთ. შემდეგი ნაბიჯი სწორედ დიდ ტურნირებზე რეგულარულად თამაში უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ, საამისოდ, თითოეული ჩვენგანი მაქსიმუმს გააკეთებს: ჯერ საკუთარ გუნდებში ფორმაში ყოფნისათვის, მერე კი უკვე ნაკრებში წარმატების მისაღწევად.

სამომავლოდ, რა გავლენის მოხდენა შეუძლია ფართო მასშტაბით ამ წარმატებას, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მიაღწია?

ამ წარმატებას ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ახალ თაობაზე უნდა ჰქონდეს. ეს ევროპის ჩემპიონატი სამაგალითო სწორედ მათთვის უნდა გამოდგეს. მიხვდნენ, რომ თუ ერთხელ შევძელით, იგივეს გაკეთება, სამომავლოდაც ბევრჯერ შეიძლება. მათ უნდა გაიაზრონ, რომ ასეთი შედეგების მიღწევა მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით არის შესაძლებელი და ისე იმუშაონ, რომ ის, რაც წლევანდელ წელს მოხდა, არა უჩვეულო შედეგი, არამედ რეგულარული ამბავი გახდეს, ისე, როგორც დიდ ევროპულ საფეხბურთო ქვეყნებში.

ერთა ლიგის ახალ გათამაშებას ჩეხეთის ნაკრებთან მატჩით ვიწყებთ. ალბათ ეს ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული შეხვედრისგან განსხვავებული თამაში იქნება. შენ როგორ მატჩს ელოდები მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით და მთლიანობაში, ამ ჯგუფში, რა მოლოდინები გაქვს?

ჩეხეთის ნაკრები საკმაოდ ძლიერი მეტოქეა და მათთან თამაშის გამოცდილება ევროპის ჩემპიონატზე უკვე დავაგროვეთ. ვფიქრობ, ამ ჯგუფში ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ ჩვენი თამაშის ჩვენებით, ერთიანობით და მაქსიმალურად სწორად მუშაობით, ამ ჯგუფში გამარჯვება და შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვეძლება. მარტივი მატჩი არცერთ მეტოქესთან გველის, მაგრამ ყველა შეხვედრაში მოედანზე გამარჯვებისთვის უნდა გავიდეთ.

ისტორიული სანაკრებო შეკრების შემდეგ ავსტრიაში ბრუნდები. კალენდარი და გრაფიკი საკმაოდ რთული და დატვირთულია, მაგრამ ამის ფონზე, ავსტრიის ჩემპიონატის ახალი სეზონის საწყის ტურში უკვე ითამაშე. რამდენად მზად ხარ ახალი სეზონისთვის და ფიზიკურად როგორი ფორმა გაქვს?

გუნდთან ერთად ვარჯიში მალე დავიწყე, მაგრამ წინასასეზონო შეკრების გამოტოვება მომიწია, რაც არ მინდოდა, მაგრამ მწვრთნელთან გასაუბრების შემდეგ შევჯერდით იმ აზრზე, რომ ასე უკეთესი იქნება. ახლა ფორმის აღდგენას ვცდილობ და ეტაპობრივად შევძლებ, რომ უფრო მეტი დროის განმავლობაში და უფრო პროდუქტიულად ვითამაშო. სეზონი კარგად დავიწყეთ და ვფიქრობ გვაქვს იმის რესურსი, რომ ამ სეზონში მაღალი მიზნების მისაღწევად ვიბრძოლოთ.

წინა სეზონის შემდეგ "ვოლფსბერგერი" ევროპულ ტურნირებზე ვერ მოხვდა, მაგრამ ახალი სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. როგორ არის გუნდი მზად ახალი სეზონისთვის და რა იქნება მთავარი გამოწვევა, რისთვისაც ავსტრიულ გუნდთან ერთად იბრძოლებ?

ახალი მწვრთნელი და ფეხბურთელები გვყავს. შემიძლია ვთქვა, ახალი გუნდი ვართ. მთავარი ამოცანა სეზონის დასრულების შემდეგ ცხრილის ზედა, საჩემპიონო ჯგუფში მოხვედრა და იქიდან ევროტურნირებზე გასვლაა. ვფიქრობ, იმ რესურსით და სეზონის იმ დასაწყისით, რომელიც გვაქვს, ამ შედეგის დაფიქსირებას მოვახერხებთ.

შენი მშობლიური გუნდი, "იბერია 1999" უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულ "ბასაქშეჰირს" ხვდება. როგორია შენი მოლოდინი და რას უსურვებ ქართულ გუნდს?

ჩემს მშობლიურ გუნდს მინდა წარმატება ვუსურვო. მათ ყოველთვის ვგულშემატკივრობ. თანამედროვე ფეხბურთში მოულოდნელი შედეგები ხშირად ხდება და ვფიქრობ, "იბერია 1999-ს" შესწევს იმის ძალა, რომ ეს ეტაპი გაიაროს. გუნდი კარგი ფეხბურთელებითა და მწვრთნელებითაა დაკომპლექტებული. მინდა, რომ მათ გულშემატკივრებისგან მხარდაჭერა იგრძნონ და მიიღონ ატმოსფერო, რომელიც გამარჯვებაში დაეხმარებათ. იმედი მაქვს, "იბერია 1999" ჯერ საქართველოში შეძლებს გამარჯვებას და შემდეგ უკვე თურქეთიდან შემდეგი ეტაპის საგზურს წამოიღებენ.

სხვა სტატიები