EJU: "რინერი ოლიმპიადის ფავორიტია, თუმცა თუშიშვილი ყველასთვის ჯოჯოხეთური მეტოქეა..."
პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სულ რაღაც 4 დღეა დარჩენილი.
იქამდე, სანამ ოლიმპიური თამაშები აიღებს სტარტს, ევროპის ძიუდოს კავშირი პარიზის ოლიმპიადის სავარაუდო პრიზიორებსა და ფავორიტებზე წერს, სადაც მძიმე წონით კატეგორიაში, გურამ თუშიშვილიც არის მოხსენიებული.
გთავაზობთ ევროპის ძიუდოს კავშირის სტატიას, სადაც გურამ თუშიშვილისა და ტედი რინერის სავარაუდო დაპირისპირებაზეა საუბარი.
"პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ინდივიდუალური ასპარეზობები მძიმე წონითი კატეგორიით სრულდება, სადაც ტიტანების ბრძოლა იქნება.
ბოლო შეჯიბრების განმავლობაში დავრწმუნდით, რომ ამ წონით კატეგორიაში ფავორიტი არ არსებობს და ყველა სპორტსმენი შეჯიბრიდან-შეჯიბრამდე ვითარდება.
ამ წონით კატეგორიას უამრავი ვარსკვლავი ჰყავს: მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი კიმი, ტემურ რახიმოვი, პუმალაინენი, ალიშერ იუსუპოვი, ენდი გრანდა, ტაცურო საიტო, ტედი რინერი და გურამ თუშიშვილი.
ყველაზე საინტერესო კი ტედი რინერის ასპარეზობაა, რომელსაც ოლიმპიადაზე სავარაუდოდ ბოლოჯერ ვნახულობთ და იგი შეეცდება, რომ მეოთხე ოლიმპიური ოქრო მოიპოვოს (2-ინდივიდუალურად აქვს მოგებული, ხოლო 1 გუნდურ ასპარეზობაში).
რინერისთვის ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება, თუმცა საშინაო კედლებში მისთვის ბოლო ოლიმპიადაზე ჭიდაობა, დიდი ფუფუნება იქნება და მარტივად რომ ვთქვათ, იგი მთავარ ფავორიტად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ევროპული ქვეყნებიდან, ამ წონითი კატეგორიის ლიდერი - გურამ თუშიშვილია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი და მოქმედი ოლიმპიური ვერცხლისმედალოსანია. თანაც, როგორც ვნახეთ, მშვენიერ ფორმაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ გურამ თუშიშვილი მძიმე წონით კატეგორიაში მონაწილეობს, მან ამ წონაში სტილი შეცვალა და დიდი სიახლე შემოიტანა, რამაც +100 კგ-ში ჭიდაობა უფრო სანახაობრივი გახადა.
ასევე ძალიან საშიშია ლუკაშ კრპალეკი, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ამ წონით კატეგორიაში, თუმცა ბოლო 2 წლის შეჯიბრებმა გვაჩვენა, რომ იგი კარგ ფორმაში არ იმყოფება..."
- ვკითხულობთ EJU-ს სტატიაში
აქვე შეგახსენებთ, რომ უკვე ცნობილია იმ 8 სპორტსმენის საშეჯიბრო ბადეები, რომლებიც +100 კგ წონით კატეგორიაში განთესილები იქნებიან.
გურამ თუშიშვილი და ტედი რინერი ერთმანეთს 1/4-ფინალში ეკვეთებიან, ამ ბრძოლას კი ნამდვილად მთელი ძიუდოს სამყარო ელოდება.
შეგახსენებთ, რომ 27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტს ძიუდო აიღებს, მოქმედ ოლიმპიურ ვიცე-ჩემპიონს კი ტატამზე 2 აგვისტოს ვიხილავთ.