Belive

აბუ დაბის გრანდ სლემი იწყება | ქართველების მეტოქეები და საშეჯიბრო ბადეები ცნობილია

2 თვის წინ ქართული სპორტი
4 წთ

პარიზის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრები ოფიციალურად ზაგრების გრან პრით დაბრუნდა.

პირველი შეჯიბრი ზაგრების გრან პრი იყო, რომელიც 13-15 სექტემბერს გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ახლა კი გრანდ სლემის დროც მოვიდა...

ხვალიდან, 11 ოქტომბრიდან 13 ოქტრომბრის ჩათვლით, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კერძოდ კი აბუ დაბი, IJF-ს საერთაშორისო შეჯიბრს - აბუ დაბის გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 9 სპორტსმენით წარდგება.

რამდენიმე წუთის წინ გაირკვა საშეჯიბრო ბადეები, შესაბამისად ქართველი მონაწილეების სავარაუდო მეტოქეები და საშეჯიბრო ბადეები უკვე ცნობილია. მოდით, დეტალურად გავყვეთ წონებს:

60 კგ

60 კგ წონით კატეგორიაში 2 დებიუტანტი გვეყოლება - ნიკა ხუზაურაშვილი და ლუკა მოდებაძე.

ნიკა ხუზაურაშვილი 22 წლის ახალგაზრდა სპორტსმენია, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ექნება. ნიკა ასპარეზობას D ბადეში იწყებს, პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, აზერბაიჯანელი - ჰუსეინ ალაჰიაროვი იქნება. აზერბაიჯანული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი იგი ყაზახ - მაგჟან შამშადინს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება 20 წლის ლუკა მოდებაძეს, ლუკა B ბადეში იღებს მონაწილეობას, სადაც განუთესავია, შესაბამისად პირველივე ეტაპიდან იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე, ლიბანელი - ფელიპე დაკრუზი იქნება. ლიბანური ბარიერის გადალახვის შემთხვევაში კი, უზბეკ - კამოლიდინ ბახტიოროვს დაუპირისპირდება.

66 კგ

66 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ - ლაშა ნადირაძე იჭიდავებს.

ნადირაძე D ბადეში იასპარეზებს და განუთესავი იქნება, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე ეტაპზე კონგოელ - იოსიპია ბოლას შეხვდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, რუს - მურად ჩოპანოვს დაუპირისპირდება.

73 კგ

73 კგ წონით კატეგორიაშიც გაორებული გვაქვს წონა, სადაც გიორგი ჩიხელიძე და გიორგი ტერაშვილს ვიხილავთ.

ორივე ქართველი განუთესავი იქნება - გიორგი ჩიხელიძე B ბადეში ასპარეზობს, სადაც ასპარეზობას ტაჯიკ მეტოქესთან - ბეჰრუზი ხოჯაიოდას შეხვდება. ტაჯიკური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი რუს და უზბეკ სპორტსმენებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ტერაშვილი კი ფილიპინელ - ბრაიან ქუილოტესთან იწყებს, გამარჯვების შემთხვევაში კი ტაჯიკ - აბუბაქარ შეროვს დაუპირისპირდება.

81 კგ

81 კგ წონით კატეგორიაში: დიმიტრი გოჩილაიძე და ზაურ დვალაშვილი იჭიდავებენ.

დიმიტრი გოჩილაიძე B ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც, კონგოელ - ისრაელ ნზანგე ლინტოლოსა და უზბეკ - შუხრობ თურსუნოვს შორის გამარჯვებული იქნება.

რაც შეეხება ზაურ დვალაშვილს, იგიც განთესილია და C ბადეში მეორე ეტაპიდან ერთვება საქმეში, სადც უნგელ - ბენედიქტ ტოტს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი მისი სავარაუდო მეტოქე, წარმოშობით ქართველი, გაერთიანებული საამიროების დროშის ქვეშ მოასპარეზე - ნუგარ ტატალაშვილი იქნება.

90 კგ

90 კგ-ში საქართველოს ნაკრების ღირსებას ლუკა ბაბუციძე დაიცავს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლუკა ბაბუციძეს წილისყრაში არ გაუმართლა. იგი განუთესავია და ასპარეზობას A ბადეში, პირველივე ეტაპიდან იწყებს.

ბაბუციძეს მეტოქე ფილიპინელი - რაიან ზარჩი გარაი იქნება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, აზერბაიჯანელ - მურად ფატიევს შეხვდება.

100 კგ

100 კგ-ში მიხეილ ჯაფარიძე იასპარეზებს.

ჯაფარიძე ასპარეზობას C ბადეში იწყებს და მას პირველივე ეტაპზე უძლიერესი რუსი - არმან ადამიანი დაუპირისპირდება. ადამიანის დამარცხების შემთხვევაში კი, მიხეილ ჯაფარიძის მეტოქე, ფრანგ - ფრენცის დამიერსა და ყაზახ - ადილეტ საპარგალაიევს შორის გამარჯვებული იქნება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები