Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე III - ტატამზე 3 ქართველს ვიხილავთ

7 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

19 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კერძოდ კი დედაქალაქი აბუ დაბი, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს.

მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის დიდებულად დაიწყო. 60 კგ წონით კატეგორიაში 20 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა - გიორგი სარდალაშვილი. მეორე საშეჯიბრო დღეს კი ვაჟა მარგველაშვილმა საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

მესამე საშეჯიბრო დღეს ტატამზე 3 ქართველს ვიხილავთ, საიდანაც 2 მამაკაცი იქნება, ხოლო ერთი ქალი.

81 კგ

81 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას - ტატო გრიგალაშვილი და დიმიტრი გოჩილაიძე დაიცავენ.

ტატო გრიგალაშვილი შეეცდება, რომ მსოფლიოს პირველობა კარიერაში ზედიზედ მესამედ მოიპოვოს. ტატო C ბადეში ერთადერთი განთესილი ფალავანი იქნება. იგი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვება, სადაც გერმანელ - ტიმო კაველიუსსა და ისრაელის წარმომადგენელ - საგი მუკის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

1/8-ფინალში კი დიდი შანსია, რომ მისი მეტოქე თურქეთის სახელით მოასპარეზე წარმოშობით ქართველი - ვედატ ალბაირაქი (ვანო რევაზიშვილი) იყოს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტატო ძალიან რთულ ბადეშია მოხვედრილი, სადაც შემდეგი ფალავნები იასპარეზებენ: ვედატ ალბაირაქი, საგი მუკი, ვაჩიდ ბორჩაშვილი, ფრანკ დე ვიტი და გაბრიელ ფალკაო.

რაც შეეხება დიმიტრი გოჩილაიძეს, დიმიტრი B ბადეში განუთესავია, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც მოლდოველ - მიჰაილ ლატისევს დაუპირისპირდება. მოლდოვური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ქართველის მეტოქე, რუმინელ - ადრიან სულკასა და წარმოშობით ქართველ, პორტუგალიის სახელით მოასპარეზე - ანრი ეგუტიძეს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

63 კგ

63 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

ასკილაშვილი D ბადეში განუთესავია, შესაბამისად ასპარეზობას პირველი ეტაპიდან იწყებს, სადაც იგი ფილიპინელ - კიომი ვატანაბეს დაუპირისპირდება.

ფილიპინური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ასკილაშვილის მეტოქე, სლოვენიელი - ანდრეია ლესკი იქნება, რომელიც მსოფლიოს მე-7 ნომერია.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები