"დეტალები შეთანხმდა, ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება" - abola ქოჩორაშვილის სევილიაში გადასვლას აანონსებს
51 წუთის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
abola-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი უახლოეს საათებში ლისაბონის სპორტინგიდან სევილიაში გადაბარგდება. როგორც ირკვევა, ყველა დეტალი უკვე გარკვეული და შეთანხმებულია და ტრანსფერი ოფიციალურად ძალიან მალე გამოცხადდება.
"მოლაპარაკებები გასულ საათებში წარმატებით წარიმართა, რის შედეგადაც სპორტინგმა ორი მნიშვნელოვანი საკითხი მოაგვარა: ერთის მხრივ, გუნდმა ითხოვა და მიაღწია იმას, რომ ახალი სეზონის გეგმებში არგათვალისწინებული ფეხბურთელი გაესხვისებინა, ხოლო მეორეს მხრივ, "ლომებმა" დაიბრუნეს 2025 წლის სატრანსფერო ფანჯრისას ლევანტეში ინვესტირებული 5.5 მილიონი ევროს დიდი ნაწილი. ფიქსირებულ თანხას მომავალში ყველა მხარისთვის მისაღები ცვლადი ბონუსებიც დაემატება, რაც დამოკიდებული იქნება როგორც თავად ფეხბურთელის ინდივიდუალურ თამაშზე, ისე ხოსე ლუის გარსია პლაცას გაწვრთნილი გუნდის ნაჩვენებ შედეგებზე.
არსებული ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ ქოჩორაშვილი სამხრეთ ესპანეთში უკვე ამ ხუთშაბათს გაემგზავროს, სადაც სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას გაივლის, კონტრაქტს ხელს მოაწერს და ნერვიონელების შემადგენლობაში ბილბაოს ატლეტიკის პირისპირ მატჩისთვისაც მზად იქნება.
ეს შედეგი ორივე კლუბს აწყობს და ფეხბურთელის სურვილსაც სრულად აკმაყოფილებს. ნახევარმცველის მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის ესპანეთში დაბრუნება იყო, სადაც მან სახელი გაითქვა და კარიერა აიწყო", - წერს abola.
ევროპა ლიგის 7-გზის გამარჯვებულმა ლა ლიგის ახალ სეზონში გამოსვლა რაიო ვალეკანოსთან საშინაო კედლებში მოპოვებული გამარჯვებით (2:1) დაიწყო.
გიორგი ქოჩორაშვილმა ლისაბონის სპორტინგში გასული სეზონი გაატარა და 26 მატჩში 2 საგოლე პასი გააკეთა.