Belive

ბუდუ ზივზივაძე: "100%-ით უნდა დავიხარჯოთ და ევროპის ჩემპიონატზე მეორე ცდიდან გავიდეთ"

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" თავდამსმელმა, ბუდუ ზივზივაძემ გერმანულ მედიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც გუნდთან ადაპტაციის, ეროვნული ნაკრებისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა.

"ფრანც ბეკენბაუერი დიდი ფეხბურთელი იყო გერმანიისთვის და მსოფლიო ფეხბურთისთვის. როცა მასზე ვფიქრობ, მახსენდება 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის ფოტო, როცა მხრის ტრავმის გამო ცალი ხელით თამაშობდა.

ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა ეს აჩვენებს, თუ როგორი ხასიათი ჰქონდა და როგორი პიროვნება იყო. მოედნის დატოვება მისთვის გამორიცხული იყო. ფოტოზეც ჩანს, მისი მნიშვნელობა, როგორც წამყვანი ფიგურის გერმანიის ნაკრებში.

სანამ გადმოვიდოდი, ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისგან ალექსანდრე იაშვილისგან ბევრი ვიცოდი "კარლსრუეს" და გერმანული ფეხბურთის შესახებ. ვიცოდი, რომ მესამე და მეოთხე ლიგაშიც საკმაოდ კარგი მატჩები იმართება. უნგრეთიდან მეორე დივიზიონისკენ ნაბიჯი გადავდგი, რადგან ბუნდესლიგამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია დარჩენილი. მინდოდა მეჩვენებინა ჩემი შესაძლებლობები და პოტენციალი.

თავიდან ფორმაში არ ვიყავი და მხრის ტრავმის შემდეგ საერთოდ არ მქონდა მზადყოფნა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

აქ ფეხზე დავდექი და ბოლო ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვარ. მგონი ამის დანახვა თქვენც შეგიძლიათ.

გარკვეული საოჯახო საკითხების მოგვარება მჭირდება. ჩემი ოჯახის ვიზას ვადა გაუვიდა და განახლებას საჭიროებს. ამიტომ, ჩემი სამი წლის ქალიშვილი და ჩემი მეუღლე ამჟამად საქართველოში არიან და უნდა ველოდოთ. იმედია ორ-სამ კვირაში ეს საკითხი მოგვარდება, რადგან ჩემი პატარა გერმანიაში საბავშვო ბაღში დადის და მალე იქ უნდა დაბრუნდეს. ეს ჩემთვის, როგორც მამისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ის ისწავლის გერმანულს და ინგლისურს, ეს მის ცხოვრებაში უდიდესი უპირატესობა იქნება.

ახლაც მახსოვს, კარლსრუეში რომ ჩამოვედი და სიტყვას ძლივს ვიგებდი. მე ჯერ კიდევ ძალიან მიჭირს თქვენი ენა, სიმართლე გითხრათ, მე ის ადამიანი არ ვარ, რომელსაც უცხო ენებისთვის თავის გართმევა მარტივად შეუძლია.

უდავოა, რომ 2025 წლამდე კონტრაქტის სრულფასოვნად შესრულება მინდა და გუნდში ჩემი პოზიციისთვის ბრძოლას გავაგრძელებ. ცოტა ხნის წინ სასტარტო შემადგენლობაში ვიყავი "ჰანოვერისა" და "ელვერსბერგის" წინააღმდეგ, მაგრამ გარანტირებული არ არის, რომ ასე გაგრძელდება. მე დავრჩები. ამჟამად გვყავს სამი თავდამსხმელი და ეს შეჯიბრი კარგია, როგორც თითოეული ჩვენგანისთვის, ასევე გუნდისთვის.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გუნდურად, 100%-ით უნდა დავიხარჯოთ, რათა მეორე ცდაზე ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შევძლოთ. ამაზე ნაკლები შედეგი მისაღები არ იქნება", - თქვა ბუდუ ზივზივაძემ.

მიმდინარე სეზონში, ბუდუ ზივზივაძეს "კარლსრუეს" მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 1 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები