Belive

"ბიზნესი საქართველოში კვარასთან ერთად" - ნაპოლის ფეხბურთელის ცხოვრება კარიერის შემდეგ

13 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ნაპოლის ისტორიაში გამორჩეული სეზონის დროს, როცა ხვიჩა კვარაცხელიას ლიდერობით, სამხრეთიტალიელებმა ისტორიაში მესამე სკუდეტო მოიგეს, გუნდში გამოცდილი ნახევარმცველი, დიეგო დემე ირიცხებოდა. გერმანელი ფეხბურთელის სათამაშო დრო მიზერული და ლიმიტირებული გახლდათ და მას ლუჩანო სპალეტი მხოლოდ ღრმა როტაციის დროს იყენებდა. 34 წლის ასაკში, არმინია ბილეფილდის, პადერბორნის, ლაიპციგისა და ბერლინის ჰერტას ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

დიეგო დემეს კარიერა ორ საინტერესო გუნდთან და მათი შენების პროცესთან გადაიკვეთა: რედ ბულის გერმანული პროექტის გზა ელიტამდე და სადებიუტო ბუნდესლიგური სეზონები და ნაპოლის 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოგებული სკუდეტო.

კარიერის დასრულების შემდეგ, გერმანელი ფეხბურთელი Flashscore-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემასთან ერთად, "პარტენოპეიში" გატარებულ ეტაპს იხსენებს და ამბობს, რომ ფეხბურთის შემდეგ ძალებს ბიზნესის სფეროში სინჯავს, სადაც ქართველ ვარსკვლავთან ერთად გარკვეული გეგმებიც აქვს.

"როცა ამაზე ვფიქრობ, უბრალოდ გიჟურია. მამამ რომ დიეგო დამარქვა და ნაპოლიში იმიტომ წავედი, რომ ჩემმა კუმირმა გატუზომ დამიმატა. როგორ შეიძლება ასე ყოფილიყო? ეს თითქოს წიგნიდან ამონარიდს ჰგავს.

მახსოვს, ნაპოლიში ჩემი პირველი დღე და დავინახე, როგორ ჰგავდა მარადონა ღმერთს: როცა ხალხი მარადონას ტელევიზორში ხედავდა, პირჯვარს იწერდა. მე ვიფიქრე: "ვაუ, ეს რაღაც საოცრებაა".

ტაქტიკური კუთხით სპალეტი დიდებული იყო, მატჩისთვის მოსამზადებელ პერიოდშიც კი. სკუდეტოს მოგების წელს ბევრი არ მითამაშია, მაგრამ მას ყოველთვის ისეთი განცდა ჰქონდა, რომ გუნდის ნაწილი ვიყავი. ყოველ ექვს თამაშში ერთხელ, 30 წუთს გათამაშებდა და ვარჯიშის შემდეგ გეტყოდა: "დღეს ვარჯიშზე კარგი იყავიო". ზოგჯერ, იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც არ თამაშობდნენ, მხოლოდ ორი ან სამი წინადადება სჭირდებოდა იმისთვის, რომ მათ თავი კარგად ეგრძნოთ. ეს ძალიან კარგად გამოსდიოდა.

ნაპოლიში ყოფნის წყალობით, გავიცანი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო პიცის მცხობელი ვინჩენცო კაპუანო. მას იტალიაში 40-50 პიცერია აქვს. დავმეგობრდით, მე ამ ტიპის პიცის ფანი ვიყავი და მინდოდა დავხმარებოდი, რომ ის მთელ მსოფლიოში გაევრცელებინა. ვუთხარი მას: "მოდი, ეს პიცა გერმანიაში შემოვიტანოთ". მან კი მითხრა: "კი ბატონო, რატომაც არა".

ეს ბიზნესი მომწონს, რადგან პიცერია ისეთი ინვესტიცია არ არის, სახლი რომ იყიდო და უბრალოდ ფულის გამომუშავებაში დაგეხმაროს. პიცერიის საქმე სხვანაირია. აქ ხედავ ბედნიერ ადამიანებსაც. შედიხარ შიგნით, გრძნობ პოზიტიურ ენერგიას და ხედავ, როგორ შრომობენ პიცის მზარეულები. ეს განსხვავებული ტიპის ინვესტიციაა, რომელიც უფრო სარისკოა, მაგრამ ამის გაკეთება გულით მინდოდა. შესაძლოა, წლის ბოლოს, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, საქართველოშიც გავხსნათ კიდევ ერთი პიცერია", - ამბობს დიეგო დემე.

ხვიჩა კვარაცხელიას და დიეგო დემეს ნაპოლის შემადგენლობაში ერთად 5 მატჩში აქვთ მონაწილეობა მიღებული.

სხვა სტატიები