"მოლაპარაკებები დაწყებულია" - კვერნაძის დამატებას პრემიერ ლიგის და სერია A-ს გუნდები ცდილობენ
15 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევის, გიორგი კვერნაძის დამატებას იტალიის სერია A-სა და ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელი გუნდები ცდილობენ. calcionapoli1926-ს ინფორმაციით, ნაპოლის შემდეგ საქმეში რომა და ევერტონიც ჩაერთნენ, რომლებმაც ფროზინონესთან მოლაპარაკებებიც კი დაიწყეს.
"რომა და ევერტონი მზად არიან ქართველ ფეხბურთელს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზონ. აძური ინტერესს ინარჩუნებს, ფროზინონე კი ფეხბურთელთან ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობს.
გიორგი კვერნაძის მომავლის შესახებ ახალი ხმები ვრცელდება. 16 ნოემბერს გავრცელებული ცნობების თანახმად, სატრანსფერო ჟურნალისტ ეკრემ კონურის ინფორმაციით, რომამ და ევერტონმა ფროზინონესთან საწყისი საუბრები უკვე დაიწყეს, რათა ქართველი გარემარბის შეძენის შესაძლებლობა შეისწავლონ.
ორივე კლუბი 2003 წელს დაბადებულ ფეხბურთელს სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს. ამ აქტიურმა ნაბიჯმა შესაძლოა ძალთა ბალანსი შეცვალოს, იმის გათვალისწინებით, რომ ნაპოლიც იმ კლუბების სიაშია, რომლებიც ფეხბურთელს აკვირდებიან, თუმცა აძურის მხრიდან მსგავსი კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა.
საკვანძო საკითხად კვლავ კონტრაქტის დეტალები რჩება. 4 მილიონი ევროს ოდენობის გამოსასყიდი პუნქტი ძალაში მხოლოდ მომავალ ზაფხულს შევა, ხოლო ფროზინონე მოთამაშის ღირებულების დასაცავად ახალ ხელშეკრულებას ცდილობს. შესაბამისად, სიტუაცია ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის: რომამ და ევერტონმა ინიციატივა გამოიჩინეს, ხოლო ნაპოლის ინტერესი ამ დროისთვის მხოლოდ სადამკვირვებლო ეტაპზეა", - წერს calcionapoli1926.
გიორგი კვერნაძეს ამ სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული. მისი გუნდი იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 11 ტურის შემდეგ 20 ქულით, მე-6 პოზიციას იკავებს და ევროტურნირების ზონაშია.