ბექაური მურაოს ღამის კოშმარად | JUDOINSIDE სანშირო მურაოსა და ბექაურზე წერს
ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ონლაინგამოცემა 'Judoinside', ლაშა ბექაურისა და სანშირო მურაოს დაპირისპირებაზე წერს და ქართველ 2-გზის ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელის ღამის კოშმარად მოიხსენიებს.
გთავაზობთ 'Judoinside'-ს სტატიას ვრცლად და უცვლელად.
"ამჟამად მსოფლიო რეიტინგის სათავეში იაპონელი სანშირო მურაო დგას - უდავოდ უძლიერესი და უაღრესად სახიფათო ძიუდოისტი. რეიტინგის მეორე ნომერი კი ქართველი ლუკა მაისურაძეა, რომელსაც მურაო კარიერაში ოთხჯერ შეხვდა და ოთხივეჯერ სძლია. იაპონელს გარკვეული პრობლემები ჰქონდა უზბეკ დავლათ ბობონოვთან, რომელთანაც პირველი ორი ორთაბრძოლა წააგო (2019 წლის ოსაკას გრანდ სლემსა და 2021 წლის ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე), თუმცა მომდევნო შეხვედრაში, 2022 წლის პარიზის გრანდ სლემზე, რევანში აიღო. მოგვიანებით, მან ბობონოვთან კიდევ ერთი მარცხი იგემა 2023 წლის ტაშკენტის გრანდ სლემზე, მაგრამ მათ უკანასკნელ დაპირისპირებაში, 2024 წლის ანტალიის გრანდ სლემზე, გამარჯვება კვლავ იაპონელს დარჩა. მოკლედ, ბობონოვთან მისი ბალანსი ცვალებადია - მურაოს უფრო მეტი წაგება აქვს, თუმცა სხვაობა მინიმალურია.
თუმცა, არსებობს ერთი ფალავანი, ვისთანაც სანშირო მურაოს კატასტროფული სტატისტიკა აქვს - ეს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაურია. ისინი ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ და ხუთივეჯერ გამარჯვებული ქართველი გამოვიდა." - ვკითხულობთ Judoinside-ზე.
წაგებების სერია - ახალგაზრდული ნაკრებიდან პარიზის ოლიმპიადამდე
მათი პირველი დაპირისპირება ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ასაკში, 2018 წლის მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში შედგა, სადაც ბექაურმა მურაო ბრწყინვალე კონტრშეტევაზე დაიჭირა და ეფექტური იპონით დაამარცხა. ამას მოჰყვა შეხვედრა 2019 წლის ცინდაოს მასტერსზე, სადაც ლაშამ ვაზაარით იმარჯვა.
ამის შემდეგ ძიუდოისტები კიდევ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამივეჯერ სცენარი იდენტური იყო: მურაო პირველი აკეთებდა გდებას და დაწინაურდებოდა ხოლმე, თუმცა ბექაური ფინალში ყოველთვის პოულობდა გამარჯვების გასაღებს. 2023 წლის დოჰას მსოფლიო ჩემპიონატზე მურაომ პირველმა შეასრულა უჩი მატა ვაზარიზე. მალევე იაპონელმა სუმი გაეშით წონასწორობა აღადგინა, თუმცა როგორც კი მურაო მორიგ იერშზე გადავიდა, ბექაურმა ის საოცარ ტანი ოტოშიზე (უკანა ჯდომითი ვარდნა) დაიჭირა და იპონით დასცა.
მათი შემდეგი გზები 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ფინალში გადაიკვეთა. მურაო კვლავ პირველი დაწინაურდა კო-სოტო-გაკეთი (გარე ნაბიჯი) და ვაზარი მოიპოვა. ბექაურმა ორმხრივი ჩავლებიდან შესრულებული გდებით ანგარიში მალევე გაათანაბრა. მატჩის მიწურულს, ტატამის კიდესთან, მურაომ კვლავ სცადა კო სოტო, თუმცა ვარდნის მომენტში ბექაურმა მარჯვენა ფეხი იაპონელის ქუსლს უკან ოსტატურად ამოუდო - ილეთი კო-უჩიდ შეფასდა და ლაშამ ზედიზედ მეორე ოლიმპიური ოქრო იპონით გაიფორმა.
მათი მეხუთე და ჯერჯერობით უკანასკნელი დაპირისპირება 2025 წლის მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე შედგა. მურაომ ტრადიციას არ უღალატა და კვლავ პირველმა აიღო ვაზარი კო-სოტოთი. თუმცა, ბოლო წუთზე, როდესაც მან შეცდომა დაუშვა და ბექაურის წინა ფეხზე კვლავ კო-სოტოთი წავიდა, ქართველმა მომენტალურად კონტრშეტევაზე უპასუხა, სუმი გაეში შეასრულა და შეხვედრა მორიგი იპონით დაასრულა.
შეუძლია მურაოს მისი ღამის კოშმარის დამარცხება?
ფაქტია, რომ სანშირო მურაოს აქვს იმის ტექნიკური არსენალი, რომ ბექაურს ქულები აართვას - მან ეს ბოლო სამ შეხვედრაში დაამტკიცა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო. თუმცა, ყოველ ჯერზე, ძირითადი დროის ამოწურვამდე, ბექაური ახერხებდა თავისი გენიალური, გადამწყვეტი გდების შესრულებას.
მიმდინარე წელს ამ ორ გრანდს ერთმანეთში ჯერ არ უჭიდავია. შეძლებს თუ არა იაპონელი რეიტინგის ლიდერი ნავსის გატეხვას და კარიერაში მეექვსე დაპირისპირებაში მაინც ქართველი „ჯადოქრის“ დამარცხებას, ამას მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილავთ.