იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატი | ერთი მედალი გარანტირებულია, ერთისთვის ვიბრძოლებთ
19-21 ნოემბერს, უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენდი, იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატს (21 წლამდე) უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 16 სპორტსმენით წარდგება (9 მამაკაცი, 7 ქალი).
პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრებს საკმაოდ კარგი გამოსვლა აქვს - მამაკაცთა 60 და 66 კგ წონით კატეგორიებში მედლებისთვის ვიბრძოლებთ.
ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებს - ლუკა ომანაძე (60 კგ), ხოლო 66 კგ-ში ბრინჯაოს მედალი გარანტირებული გვაქვს, რადგან ერთმანეთს თორნიკე გიგაური და საბა საბაშვილი შეხვდებიან.
60 კგ
60 კგ-ში ლუკა ომანაძე ასპარეზობს, რომელმაც ასპარეზობა ინდოელთან გამარჯვებით დაიწყო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. 1/8-ფინალში ლუკამ აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა, თუმცა 1/4-ფინალში სამწუხაროდ ტაჯიკ ძიუდოისტთან დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი ფალავანი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ბრაზილიელი ძიუდოისტიც დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობა გაინაღდა, სადაც მისი მეტოქე, ეგვიპტელი - იასინ საბრაჰი იქნება.
66 კგ
66 კგ წონით კატეგორიაში ორივე წარმომადგენელი გვყავდა, საიდანაც ორივე მათგანი მედლისთვის იბრძოლებს - თორნიკე გიგაური და საბა საბაშვილი.
თორნიკე გიგაურს 1/4-ფინალამდე საკმაოდ კარგი გამოსვლა ჰქონდა, 1/4-ფინალში კი აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა და დამამშვიდებელ წრეში გადავიდა (რეპეშაჟი), სადაც ტაჯიკ მეტოქეს აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა გაინაღდა.
სამწუხაროდ, საბა საბაშვილს ფინალში გასვლის საკმაოდ რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა 1/2-ფინალში ისრაელის წარმომადგენელთან 'ოქროს დროში' დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს შეუტევს.
ასე და ამგვარად, 66 კგ-ში ბრინჯაოს მედალი გარანტირებული გვაქვს, რადგან ერთმანეთს ქართველები შეებრძოლებიან (გიგაური Vs. საბაშვილი).
ფინალური ბლოკი სტარტს 16:00 საათიდან აიღებს.