ბასილაშვილი იწყებს, ბაკში ძირითად ბადეშია - ქართველები ერთ ტურნირზე ითამაშებენ
ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში, 125-ქულიანი ჩელენჯერის ტურნირი მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდიც $200,000 დოლარია.
ამ შეჯიბრის ძირითად ბადეში მონაწილეობას, საქართველოს #1 ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებს, რამდენიმე წუთის წინ კი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, 27 წლის ქართველმა - ალექსანდრე ბაკშიმ გამარჯვება მოიპოვა და ძირითად ბადეში მოხვდა.
ბაკშიმ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იაპონელი - კაიჩი უჩიდა, 2 სეტში: 1:6; 4:6 დაამარცხა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი გერმანელი - ლუკას გერჩი მძიმე მატჩში, 3 სეტში: 7:6; 1:6; 6:4 დაამარცხა და ძირითად ბადეში მოხვდა.
რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, 32 წლის ქართველი ამ შეჯიბრზე მე-6 ნომრად არის განთესილი და პირველ მატჩს 10 თებერვალს, ნორვეგიელ - ვიქტორ დურასოვიჩის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.