Belive

აურელიო დე ლაურენტისი: "კვარას კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს და მშვიდად ვარ"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, თავისი გუნდის ქართველი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ის მხარეებს შორის კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივების თემას გამოეხმაურა და ჟურნალისტების სპეკულაციებზე კომენტარიც გააკეთა.

"კვარაცხელიას კონტრაქტი 2027 წელს ეწურება. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით, მე ძალიან მშვიდად ვარ. გუნდის შემტევი დუეტის გაშვებასთან და ამ მიზნით შექმნილ პოსტერებზე შეკითხვა სულელურია. თქვენ (ჟურნალისტები) ცდილობთ, რომ ინფორმაცია, რომელსაც ვიღაცები გაწვდიან, გამოიყენოთ, მაგრამ მხოლოდ სიტუაციის გამწვავებას ახერხებთ. მე შემიძლია, რომ თქვენი ჭორები, რომელსაც ყოველდღიურად ავრცელებთ, გავაქარწყლო, მაგრამ ამას არ ვიზამ! რადგან ვიცი, რომ მუშაობთ და მე ამას პატივს ვცემ.

ხვიჩა კვარაცხელია ჩვენ აღმოვაჩინეთ და მაშინ არავინ იცოდა თუ ვინ იყო ის. ისევე, როგორც ედინსონ კავანი, რომლის გამოც მაკრიტიკებდნენ, შემდეგ კი "იუვენტუსთან" 2 გოლი გაიტანა და მე გმირად ვიქეცი. ჩვენ კარგი ინტუიცია აღმოგვაჩნდა, ვიპოვეთ ის და ახლა ყველა ხედავს. ასე რომ, კონტრაქტები უნდა დავიცვათ. რაც შეეხება ტრანსფერებს, ყველა ფეხბურთელის ტრანსფერი პოტენციურად შესაძლებელია, თუმცა შედეგად ვინ დაინტერესდება მათით და ვინ შეიცვლის გუნდს, უნდა დაველოდოთ და ვნახავთ", - თქვა "ნაპოლის" პრეზიდენტმა.

საქართველოს ნაკრების 23 წლის ვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე 10 გოლის გატანა და 7 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მან სერია A-ს ზედიზედ მეორე სეზონში სულ მცირე 10 ბურთის შეგდება შეძლო. მისი გუნდი ჩემპიონატის 2023/24 წლების სეზონში 36 ტურის შემდეგ დაგროვებული 51 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს. ევროპის კონფერენს ლიგაზე მოსახვედრად "ნაპოლის" მერვე პოზიციაზე გასვლა სჭირდება, რომელზეც "ფიორენტინა" 53 ქულით იმყოფება და მათ ერთი მატჩით ნაკლები აქვთ. "იებთან" შეხვედრას "ნაპოლი" 17 მაისს გამართავს და ეს სეზონის ერთ-ერთი გადამწყვეტი თამაში იქნება, რომელიც საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები