არჩილ ბერიძეს საფეხბურთო საქმიანობა 2 წლით აეკრძალა - ეროვნული ლიგის გუნდები და წარმომადგენლები დაჯარიმდნენ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა სხდომა გამართა, ეროვნული ლიგის მატჩების დროს მომხდარი ინციდენტები განიხილა და გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო.
ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
გორის „დილა“ - თბილისის „დინამო“, 18 მაისი 2024
სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა შეისწავლა და განიხილა 2024 წლის 18 მაისს, ეროვნული ლიგის ეგიდით, გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას და მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ფაქტები. სხდომაზე განიხილეს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები და ფაქტები და მოისმინეს მხარეთა ახსნა-განმარტებები.
კომიტეტმა ფაქტების შესწავლის შედეგად დაადგინა რიგი დარღვევებისა, მათ შორის, გორის „დილას“ გულშემატკივრის მიერ მოედნის მიმართულებით ნასროლი საგანი მოხვდა მატჩის მომსახურე არბიტრს და მიიჩნია, რომ მასპინძელმა გუნდმა ვერ მოახერხა შეჯიბრის დებულების მიხედვით უსაფრთხოების დაცვა. ამას გარდა, თბილისის „დინამოს“პრეზიდენტმა და ადმინისტრატორებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მსაჯთა ბრიგადას.
სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით:
გორის „დილა“ ორ მომდევნო საშინაო მატჩს გამართავს მაყურებლის გარეშე და დაეკისრება ფულადი ჯარიმა - ორიათას რვაასი ლარის ოდენობით;
თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტს, რომან ფიფიას დაეკისრა ფულადი ჯარიმა ათას ორასი ლარის ოდენობით და აეკრძალა მომდევნო სამ მატჩზე დასწრება;
თბილისის „დინამოს“ ადმინისტრატორებს, ბესიკ ბერაძეს და შალვა მელაძეს, დაეკისრათ ფულადი ჯარიმა ექვსასი ლარის ოდენობით და ორ-ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია.
თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელს ჯოშუა აკპუჯეს მეტოქის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დაეკისრა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით და დაისაჯა ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით.
ბათუმის „დინამო“ - თბილისის „იბერია 1999“, 19 მაისი 2024
სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა ასევე შეისწავლა და განიხილა 2024 წლის 19 მაისს საქართველოს ეროვნული ლიგის ეგიდით ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „იბერია 1999“-ს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას და მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ფაქტები.
კომიტეტმა ფაქტების შესწავლის შედეგად დაადგინა რიგი დარღვევებისა, მათ შორის ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ მატჩის ოფიციალურ პირებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ერთ-ერთ ოფიციალურ პირს, კერძოდ არბიტრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, მატჩის მომსახურე ოფიციალურ პირებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ.
სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით:
ბათუმის „დინამოს“ დაეკისრა ფულადი ჯარიმა ხუთასი ლარის ოდენობით.
ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელს, ვიქტორ გონსალვესს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორასი ლარის ოდენობით და დაისაჯა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით;
ბათუმის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელს ანდრეი დემჩენკოს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ათას ორასი ლარის ოდენობით და დაისაჯა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით;
გარდა ამისა, ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს აეკრძალა საფეხბურთო საქმიანობა ორი წლის ვადით და დაეკისრა ფულადი ჯარიმა ექვსი ათას ორასი ლარის ოდენობით;
ფოთის „კოლხეთი 1913“ - წყალტუბოს „სამგურალი“, 10 მაისი, 2024
სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა შეისწავლა და განიხილა 2024 წლის 10 მაისს, საქართველოს ეროვნული ლიგის ეგიდით, ფოთის „კოლხეთი 1913“-ისა და წყალტუბოს „სამგურალს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ფაქტები.
კომიტეტმა ფაქტების შესწავლის შედეგად დაადგინა რიგი დარღვევებისა, მათ შორის, მასპინძელმა ფოთის „კოლხეთმა“ ვერ უზრუნველყო სტადიონზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რამაც გამოიწვია მაყურებლების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და სტადიონზე მყოფი ოფიციალური პირების საფრთხის ქვეშ დაყენება.
სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით:
ფოთის „კოლხეთი 1913“ მომდევნო ორ მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს და დაჯარიმდება სამი ათას ხუთასი ლარით.