Belive

აქტობეს მწვრთნელი: "მთელი მატჩის განმავლობაში თავის დაცვას არ ვაპირებთ - გოლების გასატანად მზად ვართ"

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედო" ყაზახურ "აქტობეს" უპირისპირდება, რომელთან საშინაო კედლებში გამართული პირველი მატჩიც დიდი სხვაობით - 1:4 წააგო.

საპასუხო შეხვედრის წინ, "აქტობეს" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი კარპოვიჩმა მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა და მისი კოლეგის, სტივ კინის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ქართული გუნდი ყაზახეთში გასამართ დუელში პირველივე წუთიდან შეტევას შეეცდება.

"მეტოქე გუნდის მთავარ მწვრთნელს ნებისმიერ რამის თქმა შეუძლია. ჩვენ ვუსმენთ მათ. ცხადია, რომ მათ სურთ ჩამორჩენის აღმოფხვრა და შესაბამისად აქ შეტევითი თამაშის ჩვენებას აპირებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაცვითი ტაქტიკით სათამაშოდ ჩამოსვლას აზრი არ აქვს.

დარწმუნებული ვარ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ. მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენც გვაქვს საკუთარი გეგმა. ბიჭებს ეს ესმით. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია შემდეგ ეტაპზე გასვლა, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გამარჯვება კი ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. გვსურს მათ ვაჩვენოთ, თუ როგორ გამოვიყენებთ მათ მხარდაჭერას. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და 90 წუთის განმავლობაში დაცვაში დგომას.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია რომ 1 ან 2 გოლი გავიტანოთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ", - თქვა ანდრეი კარპოვიჩმა.

გუნდებს შორის პირველი მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა და ყაზახების გამარჯვებით - 4:1 დასრულდა. საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს, ყაზახეთში შედგება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები