Belive

აქტობე ქუთაისში მატჩის დღეს ჩავა - ყაზახურ კლუბს საქართველოში გამომგზავრებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი გამარჯვებული, ქუთაისის "ტორპედო" ყაზახურ "აქტობეს" დაუპირისპირდება.

გუნდებს შორის გასამართი პირველი მატჩი ქუთაისში უნდა შედგეს და 27 ივლისს ჩატარდეს, თუმცა შესაძლებელი იყო შეხვედრის ჩატარებას პრობლემა შექმნოდა.

კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ ყაზახური კლუბი 26 ივლისს საქართველოში შემოსვლას ვერ ახერხებს. კერძოდ, ჩარტერული რეისი, რომელიც აქტობედან უნდა გამოფრინდეს, ფრენის დაწყებას ვერ ახერხებს, რადგანაც ქართული მხარე სანქცირებული ავიაკომპანიის თვითმფრინავის მიღებაზე უარს აცხადებს.

ამავე დროს, ყაზახური meta-ratings.kz-ი წერს, რომ გუნდის თავდამსხმელს, კოტ'დიუარელ თავდამსხმელს, ანდერსონ ნიანბოს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა.

არსებული მდგომარეობა ქუთაისურ კლუბში გადავამოწმეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ ქართული გუნდის მხარდაჭერით "აქტობე" საქართველოში 1 დღის დაგვიანებით, 27 ივლისს, მატჩის დღეს ჩამოფრინდება.

ქუთაისის "ტორპედოსა" და "აქტობეს" მატჩი 27 ივლისს, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები