ანზორ მექვაბიშვილი: "ისტორია, ორგანიზება და განსაკუთრებული ქომაგი - ამიტომ ავირჩიე კრაიოვა"
10 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა რუმინულ "უნივერსიტატეა კრაიოვაში" ტრანსფერის შემდეგ, გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ტრანსფერის დეტალებს, ხვიჩა კვარაცხელიასთან ურთიერთობას და რუმინეთის ჩემპიონატში არსებულ დონეს შეეხო.
"კრაიოვადან" შემოთავაზების მიღებისას ვიცოდი, რომ ეს დიდი და ისტორიული გუნდია. შემდეგ, უფრო მეტად დავინტერესდი და მხურვალე გულშემატკივრების შესახებ გავიგე. ასევე, შევნიშნე, რომ ამ გუნდში ყველაფერი მოწესრიგებულია და ფეხბურთელს განვითარებისთვის ყველა პირობა აქვს შექმნილი. კარგმა ორგანიზებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
რაც შეეხება ჩემს სათამაშო ასპექტებს, ვფიქრობ არც ისე მაღალი ვარ, მაგრამ მოედნის ხედვა საკმაოდ კარგი მაქვს და ეს მომენტების წინასწარ განჭვრეტასა და წაკითხვაში მეხმარება. ასევე, ბევრს ვმუშაობ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე. თუმცა, საკუთარ თავზე ბევრ საუბარს, მირჩევნია, რომ შესაძლებლობები მოედანზე დავამტკიცო.
აქ გადმოსვლამდე ჩემს მეგობარს, გიორგი აბუაშვილს ვესაუბრე, რომელიც "პეტროლულის" შემადგენლობაში თამაშობს. მან მითხრა, რომ ეს ძლიერი ჩემპიონატია, განსაკუთრებით კი ადგილობრივი ფეხბურთელები და მათი პროფესიონალიზმი შეაქო. ისინი საკუთარ თავზე ბევრს მუშაობენ, რადგან ჩემპიონატში თავის დამკვიდრება მარტივი ამბავი არ არის.
ქომაგი ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და მთავარი გმირია. როცა 20 000 გულშემატკივარი ზურგს გიმაგრებს, ეს დამატებით უპირატესობას გაძლევს.
ხვიჩა კვარაცხელია ჩემი მეგობარია, ერთად გავიზარდეთ და ყველა ასაკობრივ გუნდშიც ერთად ვითამაშეთ, რადგან თანატოლები ვართ. საკმაოდ ხშირად ვსაუბრობთ და ერთმანეთთან ახლოს ვართ.
რაც შეეხება კრაიოვასა და ნეაპოლს შორის მსგავსებას, არ ვიცოდი, მაგრამ ასეთი ნამდვილად არსებობს. შარშან, როცა "ნაპოლი" ჩემპიონი გახდა, მათი მთავარი უპირატესობა გულშემატკივარი იყო. ჩემი აზრით, ქომაგების მხარდაჭერა ფეხბურთში წარმატების მთავარი გასაღებია", - თქვა 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა.
"ანზორ მექვაბიშვილის" დებიუტი "კრაიოვას" შემადგენლობაში 28 იანვარს, "სტიაუასთან" - 0:3 წაგებულ საშინაო მატჩში შედგა - ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში შემოვიდა. "კრაიოვას" რუმინეთის ჩემპიონატში ჩატარებული 23 მატჩის შემდეგ, 34 ქულა აქვს დაგროვებული და მეხუთე პოზიციას იკავებს.