Belive

ანდრეი დემჩენკო: "ბიჭები ბრძოლისთვის მოტივირებულები არიან"

1 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იბერია 1999-ის მთავარი მწვრთნელი, ანდრეი დემჩენკო, უეფას ევროპა ლიგის პლეიოფის საწყის მატჩში პოლონურ ბიალისტოკის იაგიელონიასთან შეხვედრის წინ, კომენტარს აკეთებს.

"ძალიან ძლიერ მეტოქესთან მოგვიწევს თამაში, ამიტომ წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს ორრაუნდიანი დუელია და მიუხედავად საწყის შეხვედრაში რთული თამაშის მოლოდინისა, წინ საშინაო მატჩია. ამიტომ, ძალიან სერიოზულად ვართ განწყობილები.

დასაკარგი არაფერი გვაქვს, ამიტომ შეგვიძლია ისტორია კიდევ ერთხელ გადავწეროთ და უფრო მეტად გავძლიერდეთ. ამას ყოველდღე ვხედავ, როგორ უმატებს გუნდი, როგორ ემზადებიან და როგორ მუშაობენ, ამიტომ, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არაფერზე ვნერვიულობთ და არ ვღელავთ. ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

სტრესი, როგორც ასეთი, უკვე აღარ არის. ჩვენ მინიმალური ამოცანა შევასრულეთ. ბიჭებს ვეუბნებოდით, რომ 22 წლის შემდეგ შეგვეძლო ისტორიაში შესვლა და ეს მინიმალური ამოცანა უკვე შესრულებულია, ახლა კი მაქსიმალური მიზანი დაგვრჩა, რაც შეიძლება შორს გავიდეთ. ვფიქრობ, მატჩიდან მატჩამდე ბიჭები კიდევ უფრო უმატებენ. ქუთაისის ტორპედოსთან წაგებულმა მატჩმაც გარკვეული თავდაჯერება შეგვმატა და საკუთარ ძალებში დაგვარწმუნა.

ბიჭებს ძალები აღდგენილი აქვთ და ძალიან მოტივირებულები არიან, რომ ღირსეული ბრძოლა გავმართოთ", - ამბობს ანდრეი დემჩენკო.

იბერია 1999 იაგიელონიასთან სტუმრად 20 აგვისტოს ითამაშებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები