Belive

ანდრეი დემჩენკო: "მეტოქეზე მეტად საკუთარი თამაშის ჩვენებაზე და შემდეგ ეტაპზე გასვლაზე ვკონცენტრირდებით"

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ ნიქოზიის "აპოელთან" დაპირისპირების, წინ, გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

"როგორც "დუნაისკასა" და "ვორსკლას" წინააღმდეგ, ამ მატჩისთვისაც სტანდარტულად და გეგმაზომიერად ვემზადებით. ნიკა გაგნიძის გარდა გუნდში ყველა მწყობრშია და თავს კარგად გრძნობს.

"კლაკსვიკის" მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, ყველა მეტოქესთან თამაში შესაძლებელია. სტანდარტულად ვემზადებით მომავალი მეტოქისთვის და შევეცდებით მაქსიმალურად გავისარჯოთ, რათა შემდეგ ეტაპზე გასვლა მოვახერხოთ.

ჩვენ აქცენტს ძირითადად არა მეტოქის ძალებზე, არამედ საკუთარ თამაშზე და იმაზე ვაკეთებთ, თუ როგორი იქნება ჩვენი შეთავაზებული თამაში მეტოქის წინააღმდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ 2 კარგი გუნდის დამარცხება და გამოთიშვა მოვახერხეთ, ფსიქოლოგიურად უკეთესად და უფრო ძლიერად გამოვიყურებით.

ჩვენი მიზანი საკუთარი ფეხბურთის ჩვენება და მეტოქისთვის შესაძლებლობების მაქსიმალური შეზღუდვაა.

ქართველი ფეხბურთელები, ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია, "აპოელის" შემადგენლობაში თამაშობენ. ქვილითაია ფიზიკურად და ტექნიკურად ძალიან ძლიერი მოთამაშეა და ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, დვალს კი შედარებით ნაკლები სათამაშო პრაქტიკა აქვს და მის პოზიციაზე მეტოქე გუნდი ხშირად მიმართავს როტაციას.

სამწუხაროა, რომ გორში თამაშს ვერ ვახერხებთ. უკეთესი იქნებოდა, რომ საშინაო შეხვედრა ჩვენს სტადიონზე ჩაგვეტარებინა და ინფრასტრუქტურა ამის შესაძლებლობას გვაძლევდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი საშინაო კედლები "დინამო არენაა". არ გვსიამოვნებს ის ფაქტიც, რომ მეორე მატჩი არა შინ, არამედ სტუმრად უნდა ჩავატაროთ, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ კვიპროსზე ახლა ძალიან ცხელა და შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსზე მეტიც კი იყოს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ადაპტირება უნდა მოვახერხოთ და ამ ეტაპის ბარიერის დაძლევასაც შევეცადოთ", - - თქვა უკრაინელმა სპეციალისტმა.

გორის "დილასა" და "აპოელის" მატჩი 10 აგვისტოს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები