Belive

მიმაჩნია, რომ მსგავსი ტურნირები ძალიან გვზრდის - გიგი სირბილაძე

5 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

,,საქართველოს ტოტალური შოკი’’ - ეს არამხოლოდ ჩვენი, არამედ 18 წლამდელთა 6 ერის ფესტივალის ორგანიზატორების შეფასებაა... უმცროსმა ბორჯღალოსნება მოახერხეს ჯერ არნახული ფაქტი დაეფიქსირებინათ, კერძოდ კი, საფრანგეთს მოუგეს. საფრანგეთი მეორე ტაიმში 19:10 უპირატესობით სარგებლობდა, თუმცა, გატანილი გარდასახვისა და დადებული ლელოს შემდეგ, ჩამორჩენა 1 ქულამდე შემცირდა. მარქაფიდან სწორედ ჩვენი დღევანდელი რუბრიკის გმირი, გიგი სირბილაძე შემოვიდა, რომელმაც საკმაოდ რთული პოზიციიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საქართველოს ისტორიული გამარჯვება მოუტანა.

აღსანიშნავი იყო ინგლისთან მატჩი, რომელიც თანაბარი ანგარიშით მიმდინარეობდა. მატჩის ბედი, ინგლისელების მხრიდან, ბოლო წუთზე გატანილმა ლელომ გადაწყვიტა, მაგრამ ეს თამაში, ქართული რაგბის ერთ-ერთი სლოგანის ,,ბრძოლაში ბედნიერნის’’ სრული გამოძახილი იყო. დავმარცხდით, თუმცა მატჩით ყველა აღაფრთოვანეს ბიჭებმა.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, რუბრიკის ,,ახალი თაობა’’ დღევანდელი სტუმარი გიგი სირბილაძეა.

თამაში 7 წლის ასაკში ,,აია’’-ში დავიწყე, შემდეგი ნაბიჯები კი 12 წლიდან, ,,ლელოში’’ გადავდგი. მთელი ამ ხნის განმავლობაში და ახლაც, ჩემი კუმირი ფინ რასელია.

18 წლამდელთა 6 ერის ფესტივალისთვის მზადება რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ, მოსამზადებელმა ეტაპმა კარგად ჩაიარა, ამ პერიოდში რამდენიმე ტესტ-მატჩი ჩავატარეთ, როგორც უცხოურ, ასევე, ქართულ კლუბებთან, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება მოგვცა. გუნდში იყო საბრძოლო განწყობა და გვინდოდა, ჩვენი მაქსიმუმი გვეჩვენებინა. საბოლოოდ, ეს შედეგიც, უდიდესი შრომის შედეგია. მიმაჩნია, რომ მსგავსი ტურნირები ძალიან გვზრდის, როგორც მორაგბეებს და გვაძლევს უდიდეს მოტივაციას. ამ დონის გუნდებთან თამაში დიდი გამოცდილებაა, რომელიც მომდევნო წლებში კიდევ უფრო მაღალ დონეზე თამაშის საშუალებას მოგვცემს და ტიერ 1-ის გუნდებს ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ.

საფრანგეთთან თამაშის ბოლო წუთას, გავიაზრე, რამდენად მნიშვნელოვანი გარდასახვის შესრულება მიწევდა, გონებას სრული მობილიზაცია გავუკეთე და არსებული თავდაჯერებულობით, მიზნის მიღწევაც მოვახერხეთ. თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ ჩემი გასაკეთებელი საქმე არ იყო, მთელმა გუნდმა ერთიანად ჩვენი მაქსიმუმი დავდეთ, უბრალოდ გამარჯვების ქულის მოპოვების პატივი მე მხვდა წილად.

უშუალოდ ჩემზე რისი თქმა შემიძლია?! 3 თვის განმავლობაში ინგლისში თამაში, კარგი გამოცდილება იყო, რამაც კარიერული წინსვლის გარდა, ენობრივი ბარიერის დაძლევაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ვთვლი, რომ ახალგაზრდა მორაგბეებისთვის უცხოულ სარაგბო გარემოში მოხვედრა, უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად, ძალიან დიდი გამართლებაა.

სხვა სტატიები