ალექსანდრ ლაკაზეტი: "ჟორჟთან ერთად თამაში მსურდა, მაგრამ კონკურენტებად ჩამოვყალიბდით"
ლიონის ოლიმპიკის ყველა დროის მეორე საუკეთესო ბომბარდირი, ალექსანდრ ლაკაზეტი ახალი სეზონიდან გუნდს შეიცვლის. 391 მატჩის ჩატარების, 201 გოლის გატანის, ქვეყნის თასისა და ორჯერ სუპერთასის მოგების შემდეგ, "გენერალი" ახალ გუნდს მოძებნის.
სეზონის მიწურულს, ლიონის ოფიციალური გვერდი გამოცდილ ფორვარდთან ინტერვიუს წერს, სადაც ლაკაზეტი გიორგი მიქაუტაძის შესახებ საუბრობს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვისთან ერთად სურდა უფრო დიდხანს თამაში, ლაკაზეტი 24 წლის ქართველ ფეხბურთელს ასახელებს.
"სეზონის წინ, გუნდი გეგმავდა, რომ მე და გიორგი მიქაუტაძეს ერთად უნდა გვეთამაშა. მეც ასე მსურდა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ სეზონის განმავლობაში, ერთმანეთის კონკურენტებად ჩამოვყალიბდით", - ამბობს ალექსანდრ ლაკაზეტი.
გიორგი მიქაუტაძეს "ლიონში" დაბრუნების შემდეგ ალექსანდრ ლაკაზეტთან კონკურენციის პირობებში თამაში უწევდა, მაგრამ გუნდის მეორე ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. შემდეგი სეზონიდან "გენერალი" გუნდს შეიცვლის, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი კი მთავარ ფორვარდად მიიჩნევა. ევროპული მედია ქართველ ფეხბურთელს არაერთ გუნდს, მათ შორის იტალიის ტურინის "იუვენტუსს" უკავშირებს.