ვილი სანიოლი: "ჩვენი მოლოდინები და ამბიციები გაიზარდა"
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
UEFA-ს ერთა ლიგის ახალი, 2024/25 წლების სეზონის საწყის ტურში, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ჩეხეთს უმასპინძლა და სოლიდური სხვაობით, 4:1 გაიმარჯვა.
"ჯვაროსნებმა" ერთა ლიგაზე ასპარეზობა ტრიუმფალურად დაიწყეს და პირველივე ტურში, ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ დამაჯერებელი 3 ქულა მოიპოვეს.
მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ვილი სანიოლმა ქართველი ფეხბურთელებით აღფრთოვანება ვერ დამალა.
ამ 3 წლის განმავლობაში დიდი გზა გამოვიარეთ. გარედან ყველაფერი არ ჩანს, მაგრამ უამრავი რამ შეიცვალა და რაც მთავარია დადებითი კუთხით. ყოველთვის მჯეროდა, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებოდით. მე განსაკუთრებით მაინტერესებდა, როგორი რეაქცია ექნებოდა გუნდს ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგის შემდეგ. ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობამ ჩემს ფეხბურთელებს თავდაჯერება შემატა და ამბიციურადაც გავიზარდეთ. ბიჭებს გაუჩნდათ ერთ გუნდად შეკრულობის განცდა და ნახეს, რა შედეგი მოაქვს ერთად ყოფნას. ის რაც დღეს ვნახე შესანიშნავია. დღეს მოედანზე მათ ფანტასტიკური პერფორმანსი შემოგვთავაზეს.
ზოგიერთი ცვლილება დაგეგმილი იყო. ვიცოდი, რომ კიტეიშვილს 90 წუთი არ უნდა ეთამაშა, რადგან სულ ახლახანს ჰქონდა ტრავმა. იგივე შეიძლება ვთქვა ჩაკვეტაძის შესახებ. ზოგჯერ დაუგეგმავი ცვლილებების განხორციელებაც მიწევს. ხვიჩა უკვე რამდენიმე წელია უმაღლეს დონეზე თამაშობს და ასეთ მომენტებში თავად შეუძლია გადაწყვიტოს, თუ რა დოზით შეუძლია რომ დაიხარჯოს და რა ენერგია დაზოგოს შემდეგი მატჩებისთვის, რომელიც რა თქმა უდნა, რთული იქნება.
პირველი 10-12 წუთი ჩვენ შეტევაში კარგად არ ვითამაშეთ, მაგრამ დაცვაში იდეალურად გამოვიყურებოდით. შემტევ ფეხბურთელებს, კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს ვთხოვე, რომ უკან ძალიან არ დაეხიათ, რათა წინ სივრცე გვქონოდა და მათ ჩემი დავალება იდეალურად შეასრულეს.
ოთარ კიტეიშვილი ევროპაში ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია. ამ ყველაფერს თავადაც ხედავთ. ასევე ევროპის ჩემპიონატზე იხილეთ, თუ როგორ ვთამაშობდით მასთან ერთად. მას შეუძლია უმაღლესი დონის ჩემპიონატსა და კლუბში, უმაღლესი ხარისხის თამაში. მოხარული ვარ, რომ ასეთი ფეხბურთელი მყავს.
ჩვენი მოლოდინები და ამბიციები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაიზარდა. დღევანდელი მატჩით უზომოდ კმაყოფილი ვარ. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშეთ, თუმცა როგორც ფეხბურთში ხდება, ყოველთვის ასე კარგად არ წავა საქმე და მარცხიც იქნება. მაგრამ მთავარია, როგორ გავართმევთ ამას თავს. ხვალიდან მომდევნო მატჩისთვის მზადებას დავიწყებთ. - ვილი სანიოლი