18 წლის მცველი საქართველოს მეხუთე ლიგიდან თურქეთის სუპერ ლიგაში გადასვლისთვის მებრძოლ გუნდში ითამაშებს
ახალგაზრდა ქართველი მცველი, დიმა გაბისონია, კარიერას თურქეთის რანგით მეორე ლიგაში მოთამაშე "ქოჯაელისპორში" გააგრძელებს.
"არაგველების" აღზრდილი ფეხბურთელი მთავარი გუნდის კაპიტანი გახლდათ და წლების განმავლობაში ყველა ასაკობრივ ჩემპიონატში აქვს ნათამაშები. ელიტ, ბრინჯოასა და ვერცხლის ლიგების მოგების შემდეგ, 18 წლის ფეხბურთელი გუნდს რეგიონალურ ლიგაში წარმატებასა და ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის რანგით მეოთხე ლიგაში გადასვლაში დაეხმარა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი გუნდთან, რომელშიც ახლა გიორგი ბერიძე თამაშობს, წინა სეზონში კი დავით სხირტლაძე და გიორგი ხარაიშვილიც გამოდიოდნენ, სამწელიწადნახევრიან კონტრაქტს აფორმებს. ჩვენი ინფორმაციით, შეთანხმება, ხელშეკრულების კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივებას ითვალისწინებს. გაბისონია ჯერ მეორე გუნდში ითამაშებს, შემდეგ სეზონში კი დააწინაურებენ.
"ქოჯაელისპორი" რანგით მეორე ლიგაში 20 ტურის შემდეგ დამაჯერებლად ლიდერობს და სუპერ ლიგაში გადასვლისკენ მიისწრაფის.