Belive

გიორგი მერებაშვილი: "დილამ ვორსკლას​ ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა, თუმცა მეტოქემ ბოლოს ფიზიკურად დაჯაბნა"

8 თვის წინ ქართული სპორტი
4 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, საქართველოს ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონის მესამეადგილოსანი გორის "დილა" უკრაინულ პოლტავის "ვორსკლასთან" - 1:2 დამარცხდა.

უკრაინის ჩემპიონატის მოქმედმა მეხუთეადგილოსანმა მატჩს პოლონეთის ქალაქ ტიხში უმასპინძლა. ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველ დუელს საქართველოს ნაკრების გამოცდილი ფეხბურთელი, გიორგი მერებაშვილი დაესწრო - უკვე მრავალი წელია, რაც მისი კარიერა პოლონეთს უკავშირდება. 36 წლის შემტევმა ჩვენთან საუბრისას გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა შეაფასა და ასევე მის კარიერაში არსებული სიახლეების შესახებაც გვიამბო.

კონკრეტულად, გამოცდილი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში "პოდბესკიჯიეს" მეორე გუნდში თამაშობს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პროექტში მონაწილეობს, რომლის მეშვეობითაც მაღალი სანაკრებო გამოცდილების მქონე ფეხბურთელები UEFA-ს მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიას ეუფლებიან. ამავე დროს, მერებაშვილი "პოდბესკიჯიეს" 17-წლამდელთა გუნდის მწვრთნელიც გახდა.

ტიხში გამართულ შეხვედრას დაესწარი. საინტერესოა შენი თვალით, უშუალოდ სტადიონიდან დანახული მატჩის ანალიზი. თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, თითქოს გორის "დილა" გამარჯვებას იმსახურებდა, თუმცა საბოლოოდ დამარცხდა. შენი აზრით, რა იყო ამის მთავარი მიზეზები და რა კომპონენტებში დათმო ქართულმა კლუბმა მატჩი?

"მართლაც დასანანი მატჩი წავაგეთ. შეიძლება ითქვას, რომ გორის "დილა" მეტოქეს ყველა კომპონენტში ჯობდა, თამაშსაც აკონტროლებდა და შესაძლებელი იყო, რომ ანგარიშში დაწინაურების შემდეგ, ფეხბურთელებს კიდევ ერთი გოლი გაეტანათ და მატჩი სათავისოდ დაესრულებინათ, თუმცა ვფიქრობ, "ვორსკლამ" ქართული გუნდი ფიზიკური მომზადების ხარზე დაჯაბნა. ბოლო 15-20 წუთის განმავლობაში ქართულ გუნდს დაღლა დაეტყო და ზონებიც გაიხსნა, რამაც მეტოქეს შესატევად მეტი სივრცე მისცა, ამან კი შედეგი გამოიღო და "ვორსკლამ" გამარჯვება მოახერხა.

მიუხედავად პირველი მატჩის შედეგისა, ვფიქრობ, რომ არაფერი დაკარგული არ არის. განსაკუთრებით იმიტომ, რომ გორის "დილა" საშინაო კედლებში თამაშობს - საკუთარი გულშემატკივრის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ სტადიონი გაივსება და ეს დამატებითი სტიმული და მოტივაცია იქნება ფეხბურთელებისთვის. ვფიქრობ, თუ იმ უპირატესობას გამოიყენებენ, რომელიც აქ პირველ მატჩში ჰქონდათ, ვგულისხმობ ინდივიდუალურობას შეტევის ხაზში, მჯერა, რომ გორის "დილა" ამ ეტაპის გადალახვას შეძლებს".

 

კარიერაში ახალი ეტაპის დრო დგება - მოთამაშე-მწვრთნელის რანგში გადაინაცვლე. მოგვიყევი შენს სიახლეებზე. რამდენად დატვირთულია ახალი საქმიანობის შეთავსება?

"პოდბესკიჯიეს" მეორე გუნდთან მაქვს კონტრაქტი და ფეხბურთელის რანგში სწორედ ამ გუნდში გამოვდივარ. რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, ამ მიმართულებით ახალი ნაბიჯი გადავდგი და ამავე კლუბის აკადემიაში 17-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი გავხდი.

უკვე 1 კვირაა, რაც გუნდს ვავარჯიშებ და საკმაოდ საინტერესოდ დავიწყეთ მუშაობა - პირველ მატჩში გამარჯვებაც მოვახერხეთ.

რა თქმა უნდა, ასეთ უჩვეულო რეჟიმში მუშაობა რთულია, მაგრამ დატვირთვების პარალელურად, მუშაობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა. ძალიან ნიჭიერ ბავშვებთან მიწევს მუშაობა. ახალი გამოწვევების მიმართ პოზიტიურად ვარ განწყობილი და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი წარმატებულად განვითარდება".

გორის "დილასა" და პოლტავის "ვორსკლას" მატჩი 3 აგვისტოს, გორში, თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები