Belive

"მამარდაშვილს ისევ განიხილავენ, მაგრამ მისი დამატება ძვირი იქნება" - გერმანული მედია ქართველი მეკარის შესახებ საუბრობს

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გერმანული მედია - საშუალება sportschau.de-ი საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მიუნხენის "ბაიერნში" შესაძლო გადასვლის შესახებ წერს. გამოცემა ბავარიულ გრანდში მეკარის პოზიციაზე არსებული სიტუაციის შესახებ წერს და პოტენციური ტრანსფერის დეტალებს განიხილავს.

"იან სომერი მიუნხენის "ბაიერნს" ტოვებს და მილანის "ინტერში" გადადის. მანუელ ნოიერი ტრავმას იშუშებს და ბრუნდება, ხოლო ალექსანდრ ნიუბელი კლუბიდან მიდის. შესაბამისად, "რეკორდმაისტერი" მეკარის პოზიციაზე კონკურენციის გაზრდის აუცილებლობის წინაშე დგება.

34 წლის მეკარისთვის ცხადი იყო: თუ ნოიერი დაბრუნდება, ის სათადარიგოთა სკამზე უნდა იჯდეს - მისთვის ეს ვარიანტი სასურველი არ არის, რადგან სომერს სურს შვეიცარიის ნაკრების კარში იყოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე. გრეგორ კობელთან, დორტმუნდის "ბორუსიადან" მას ძლიერი კონკურენცია აქვს შვეიცარიის ნაკრების პირველი ნომრობისთვის ბრძოლაში.

მხოლოდ ცვლილების განხორციელების დროა ცოტა გასაკვირი, რადგან ნოიერი ჯერ კიდევ არ არის მზად მოქმედებისთვის და დაბრუნების გზაზე კიდევ ერთი სამედიცინო პროცედურის გავლა მოუწია. გერმანიის მოქმედი ჩემპიონის პირველ ოფიციალურ მატჩებში ის ნამდვილად არ იქნება ადამიანი, რომელიც "ბაიერნის" კარის ძელებს შორის იდგება. სუპერთასზე, "ლაიფციგის" წინააღმდეგ, მას სავარაუდოდ სვენ ულრაიხი ჩაანაცვლებს.

ახალი მეკარის ძებნა ჯერჯერობით წარუმატებელია, თუმცა "ბაიერნის" ხელმძღვანელების თვალში ულრაიხი არ არის გრძელვადიანი ვარიანტი, როგორც ნოიერის შემცვლელი. "ბაიერნი" კვირების განმავლობაში ეძებს ახალ მეკარეს მას შემდეგ, რაც ალექსანდრ ნიუბელმა მიუნხენი შტუტგარტში გაცვალა. ბავარიელთა გარშემო ბევრი მეკარის სახელი ვრცელდება. საუბრობენ ქართველ გიორგი მამარდაშვილზე "ვალენსიადან", მაროკოს ნაკრების მეკარე ბონოზე "სევილიადან", უკლუბოდ მყოფ ესპანელ დავიდ დე ხეაზე, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა და პოლონელ კამილ გრაბარაზე "კოპენჰაგენიდან", მაგრამ რა თანხაა მზად რეკორდული ჩემპიონის მიერ მეკარის დასამატებლად?

მამარდაშვილი ალბათ 20 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად არ იქნება ხელმისაწვდომი, დე ხეა სატრანსფერო საფასური არ დაჯდებოდა, მაგრამ ხელფასის მოლოდინი მაღალი იქნებოდა. თუ ჰარი კეინის დამატებით რეკორდული ტრანსფერი განხორციელდება, "ბაიერნს" ფული დააკლდება ძვირადღირებული მეკარის დამატებისთვის. ამავე დროს, კლუბის საპატიო პრეზიდენტი, ული ჰიონესი განმარტავს, რომ მეკარეში დიდი თანხის გადახდა არ იგეგმება და რომ მანუელ ნოიერი გუნდის პირველი ნომერია", - წერს sportschau.de-ი.

გიორგი მამარდაშვილს, რომელიც "ღამურების" შემადგენლობაში 2021 წლის ზაფხულში "დინამო თბილისიდან" გადაბარგდა, მსურველთა სიაში ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბები, ასევე მილანის "ინტერი" და "პორტუ" ჰყავდა, ყველაზე აქტიური კი მიუნხენის "ბაიერნი" გახლდათ.

სხვა სტატიები