"ზახარიანი კვარაცხელიას დონის მოთამაშე გახდება" - მოსკოვის დინამოს დირექტორთა საბჭოს წევრი
ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული ასპარეზობა, რუსული კლუბების წარმომადგენლებსა და საფეხბურთო მიმომხილველების მთავარი სასაუბრო თემაა. სხვადასხვა დროს, საფეხბურთო საქმიანობაში ჩართულმა არაერთმა რუსმა კვარას შესახებ ხმაურიანი კომენტარი გააკეთა.
რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც ხვიჩა კვარაცხელიას ფანტასტიკური პერფორმანსით აღფრთოვანებას ვერ მალავენ, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ კვარას დონის მოთამაშეები რუსეთის ჩემპიონატშიც ასპარეზობენ.
ერთ-ერთი უკანასკნელი "ფრთიანი" ფრაზა მოსკოვის "დინამოს" დირექტორთა საბჭოს წევრს ეკუთვნის. სერგეი სტეპაშინი აღნიშნავს, რომ მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელი - არსენ ზახარიანი კვარაცხელიას დონის ვარსკვლავი გახდება.
"არსენი თამაშს განაგრძობს. სარფიანი წინადადების შემთხვევაში მის ტრანსფერზე დავფიქრდებით. არსენისთვის თურქეთში თამაშის შესაძლებლობა მისაღები არაა - მან უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში, მაგალითად გერმანიაში ან ესპანეთში უნდა ითამაშოს. საჭიროა, რომ ჯერ ფიზიკურად და მორალურად მოძლიერდეს. ოდნავ განვითარდება და ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად, მაღალ დონეზე იასპარეზებს. კვარაცხელია "ნაპოლის" მაისურით ბრწყინვალედ ასპარეზობს და იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება", - სერგეი სტეპაშინი.