Belive

"ვინ კვარადონა? შოტლანდიამ ამინდი და საქართველო დაამარცხა" - ბრიტანული მედია

10 თვის წინ სხვა
3 წთ

ევრო 2024-ის კვალიფიკაციის, ევროპის ზონის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში, შოტლანდიისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა.

გლაზგოში, “ჰემპდენ პარკზე” გამართული მატჩი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. შეხვედრის მიწურულს, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშის შემცირების შანსი მიეცა, თუმცა, თერთმეტმეტრიანის გატანა ვერ შეძლო.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაპირისპირება ძლიერი წვიმის თანხლებით დაიწყო, რამაც მოედანზე არასახარბიელო სათამაშო პირობები შექმნა და მატჩის სანახაობრიობაზე ნეგატიურად იმოქმედა. უამინდობის გამო მე-10 წუთზე მთავარმა არბირტმა მატჩის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და დაახლოებით 1 საათის შემდეგ განაახლა.

უამინდობის, ამაღლებული მოტივაციისა თუ ადგილობრივი გულშემატკივრის ხელშეწყობით, შოტლანდიამ საწადელს შეიძლება ითქვას, რომ მარტივად მიაღწია. ისტორიაში პირველად - სკოტებმა საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო ოთხი შეხვედრა მოიგეს. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ ასევე პირველად - შოტლანდიამ ოთხივე თამაშში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა კი ოფიციალურ შეხვედრებში 10-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

ბრიტანული მედია საშუალებები შოტლანდიის ტრიუმფს ეხმაურებიან. ზოგიერთი მათგანი კი ჰედლაინებში განსაკუთრებით "შორს წავიდა" და აღნიშნავს, რომ უამინდობა მხოლოდ შოტლანდიას უშლიდა ხელს.



"შოტლანდიამ ამინდი და საქართველო დაამარცხა" - ამ სახელწოდებით აქვეყნებს პუბლიკაციას ავტორიტეტული ბრიტანული სპორტული მედია საშუალება Sky Sports-ი. კიდევ ერთი ავტორიტეტული მედია საშუალება BBC აღნიშნავს: "დაუმარცხებელი სკოტები ევრო 2024 მიუახლოვდნენ".

გასაკვირი არაა, რომ Edingurgh Live შოტლანდიის გამარჯვებას მაჟორულ ნოტაზე გააშუქებდა, თუმცა, ჰედლაინში "კვარაცხელია, ვინ?" მაინც გასაკვირია.

"ხვიჩა კვარაცხელია ჩამოყალიბდა ფეხბურთელად, რომლისაც ევროპაში თითმის ყველას ეშინია. "ნაპოლისთან" ერთად სერია A-ს გამარჯვებული, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალისტი და მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია - აარონ ჰიკის სრული უფლება ჰქონდა, რომ მისი შეშინებოდა.

მაგრამ, მას აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია. რა თქმა უნდა, სათამაშო პირობები არასახარბიელო იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ წვიმა ორივე გუნდს თანაბრად უშლიდა ხელს, საქართველო არც კი შეეცადა საკუთარი თამაშის გაუმჯობესებას. მატჩის მიწურულს დანიშნულმა პენალტმა, კვარაცხელიას შანსი მისცა რეპუტაცია აღედგინა, მაგრამ ვერ გაიტანა", - Edinburgh live.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის კვალიფიკაციის, ევროპის ზონის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრას საქართველო 8 სექტემბერს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები