"ვიმედოვნებ, რომ სეზონს პირველ ადგილზე დავასრულებ" - სანდრო ბაზაძე
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 4 დღით ადრე, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე სანდრო ბაზაძის ვრცელი ინტერვიუ განთავსდა, სადაც ქართველი მოფარიკავე აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს ოლიმპიური ოქროს მოსაპოვებლად.
სანდრო ბაზაძის მტკიცებით, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, საგრძნობლადაა გაზრდილი და ეცდება მსოფლიოს დაანახოს, თუ ვინაა ის რეალურად.
ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მიღებით ბედნიერი ვარ. ჩემი კარიერა კარგად მიმდინარეობს და ამ დროისთვის საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. ვიმედოვნებ, სეზონს პირველ ადგილზე დავასრულებ, რაც იმას ნიშნავს, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალს მოვიპოვებ.
ტოკიოს ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩენამ ჩემზე ძალიან იმოქმედა, რადგან ვფიქრობდი, რომ მზად ვიყავი და შემეძლო მედლის მოპოვება. ტოკიოს შემდეგ საგრძნობლად გავიზარდე. ამ ყველაფერმა მენტალურად გამაძლიერა და გაცილებით უკეთესი გამხადა. გასული 3 წლის განმავლობაში რეიტინგის სათავეში ვიყავი და ჩემი სეზონები ბრწყინვალედ მიმდინარეობდა. ახლა მჭირდება, რომ მედალი მოვიპოვო და საკუთარ თავს დავუმტკიცო რომ ამას ვიმსახურებ.
მოუთმენლად ველი, რადგან წლების განმავლობაში თავდაუზოგავად ვშრომობდი. უბრალოდ მინდა, რომ გავიდე, შევიგრძნო ატმოსფერო და მსოფლიოს ვაჩვენო, თუ ვინ ვარ რეალურად. ვიმედოვნებ, რომ ჩემთვის, ჩემი ოჯახისა და ქვეყნისთვის ყველაფერი იდეალურად დასრულდება. - სანდრო ბაზაძე.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას, სანდრო ბაზაძე 26 ივლისს დაიწყებს.