დიდი უპირატესობა - ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა ბექაურსა და მურაოს შორის
დღეს, 31 ივლისს, დილის 12:00 საათიდან, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტი ძიუდოს მეხუთე საშეჯიბრო დღემ აიღო, რომელიც ჩვენი ნაკრებისთვის უკვე გარანტირებულად წარმატებული გამოდგა, თუმცა ოქროს მედლის მოლოდინში ვართ.
2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე მეორე მედალი განაღდებული აქვს ლაშა ბექაურს, რომელიც ფინალში, იაპონელ - სანშირო მურაოს დაუპირისპირდება.
სანამ ფინალი დაიწყება, გთავაზობთ ლაშა ბექაურისა და სანშირო მურაოს ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას.
ლაშა ბექაური და სანშირო მურაო კარიერაში ერთმანეთს 3-ჯერ გადაეკვეთნენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ურთიერთშეხვედრებში სრული უპირატესობა ბექაურის ანგარიშზეა.
პირველად ერთმანეთს 2018 წლის 19 ოქტომბერს, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შეხვდნენ, სადაც ლაშა ბექაური დარჩა გამარჯვებული.
მეორე დაპირისპირება 2019 წლის 14 დეკემბერს, ცინდაოს მასტერსზე შედგა, სადაც ლაშამ იაპონელი მეტოქე 1/4-ფინალში დაამარცხა და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 2:0 გახადა.
მესამე დაპირისპირება და ამ დრომდე უკანასკნელი დაპირისპირება 2023 წლის 11 მაისს, მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში შედგა, სადაც ლაშა ბექაურმა იაპონელი მეტოქე დაამარცხა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კი, ლუკა მაისურაძესთან დამარცხდა.
მეოთხე და ყველაზე პრინციპული დაპირისპირება კი პარიზში, ოლიმპიური თამაშების ფინალში შედგება.