Belive

უნგრეთის მასტერსი: დღე II - 3 ქართველისა და ოქროს მედლების იმედად | პრევიუ

8 თვის წინ სხვა
2 წთ

უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრს, ბუდაპეშტის მასტერსს მასპინძლობს, სადაც საქართველოს ნაკრები 15 სპორტსმენით არის წარდგენილი. 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის, უნგრეთის მასტერსის პირველი საშეჯიბრო დღე წარუმატებელი აღმოჩნდა. 4 სპორტსმენიდან მედლისთვის ვერცერთმა ძიუდოისტმა ვერ იბრძოლა. 

5 აგვისტოს, უნგრეთის მასტერსის მეორე საშეჯიბრო დღე აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს დროშის ქვეშ 3 სპორტსმენი იასპარეზებს. 

73 კგ

73 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას - ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი დაიცავენ.

გიორგი ტერაშვილი A ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც უზბეკ - ოდიბხონ ნომონოვს დაუპირისპირდება. უზბეკური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი გიორგი ტერაშვილის მეტოქე, აზერბაიჯანელი - ჰიდაიატ ჰეიდაროვი იქნება. 

რაც შეეხება ლაშა შავდათუაშვილს, ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი განთესილია, ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს და მისი მეტოქე, კუბელი - მაგდიელ ესტრადა იქნება. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლაშა შავდათუაშვილს ძალიან კარგი და მარტივი ბადე აქვს, შესაბამისად მას თავისუფლად შეუძლია, რომ ნახევარფინალამდე საკმაოდ იოლად მივიდეს. 

81 კგ

81 კგ წონით კატეგორიაში კი საქართველოს ნაკრების ღირსებას, მოქმედი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი - ტატო გრიგალაშვილი დაიცავს. 

ტატო A ბადეში განთესილია, ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს და მისი მეტოქე, ყაზახ - აბილაიხან ჟუბანაზარსა და ყირგიზ - ასა ბასაირიბოვს შორის გაირკვევა. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტატო გრიგალაშვილს ბადეში საკმაოდ რთული მეტოქეები ჰყავს, ისეთები, როგორებიც არიან: წარმოშობით ქართველი, თურქეთის სახელით მოასაპრეზე - ვანო რევაზიშვილი (ვედატ ალბაირაქი), გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე - ნუგზარ ტატალაშვილი, გერმანელი - ტიმო კაველიუსი და აზერბაიჯანელი - ზელიმ ტცკაევი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყველამ კარგად იცის, თუ რა შეუძლია კარგ ფორმაში მყოფ, 23 წლის ტატო გრიგალაშვილს, რომელიც 2-გზის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონია. 

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება. 

სხვა სტატიები