უმედლო დღე საქართველოსთვის - ოლიმპიადაზე 4 ქართველი ვიხილეთ
დღეს პარიზის ოლიმპიადაზე 4-მა ქართველმა სხვადასხვა სპორტულ სახეობაში იასპარეზა. საბოლოოდ, საქართველოსთვის პირველი დღე უმედლოდ დასრულდა, თუმცა ბრინჯაოსთან საკმაოდ ახლოს ვიყავით.
60 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, გიორგი სარდალაშვილმა გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და ისრაელის წარმოამდგენელი იამ ვოლჩაკი დაამარცხა, თუმცა შემდეგ ეტაპზე თურქ სალიჰ ილდიზთან დამატებით დროში დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა. ბრინჯაოსკენ მიმავალ გზაზე ქართველმა იპონით მოუგო სამხრეთ კორეელ ვონ ჯიმ კინს, თუმცა მესამე ადგილისთვის შეხვედრა თავის სასარგებლოდ ესპანელმა ფრანცისკო გარიგოსმა დაიტოვა და სარდალაშვილი თავის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე უმედლოდ დარჩა.
ლეგენდარულმა ქართველმა სპორტესმენმა, ნინო სალუქვაძემ, დღეს ოლიმპიადის პირველი დისციპლინა დაასრულა. 10 მეტრზე პნევმატური იარაღიდან სროლის დისციპლინაში, სალუქვაძემ საუკეთესო 8 მსროლელს შორის მოხვედრა ვერ მოახერხა. 6 სერიის შემდეგ, ნინო სალუქვაძის საერთო დაგროვებული ქულების რაოდენობამ 562 შეადგინა (92, 95, 95, 92, 94, 94), რაც 44 მსროლელს შორის 38-ე შედეგი აღმოჩნდა. კვალიფიკაციის საუკეთესო მაჩვენებელი უნგრელმა ვერონიკა მეიორმა დააფიქსირა, მან 582 ქულა დააგროვა.
15 წლის ქართველმა მოცურავემ, ანა ნიჟარაძემ, ბატერფლაის დისციპლინაში, 100 მეტრზე დისტანციაზე, 31 სპორტსმენს შორის 28-ე ადგილი დაიკავა. 3 გაცურვის შემდეგ მისი საუკეთესო მაჩვენებელი 1:02.85 იყო, მაშინ როდესაც, კვალიფიკაციის საუკეთესო შედეგი ჩინეთის წარმომადგენელმა დააფიქსირა (56 წმ).
ნაადრევად და უმედლოდ დაასრულა შეჯიბრი ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემაც. ევროპის ორგზის და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო, თუმცა ძალიან დაძაბულ მერვედფინალურ დაპირისპირებაში ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან დამარცხდა(14:15). აღსანიშნავია, რომ ბაზაძემ ცუდად დაიწყო და მეტოქეს 2:8 ჩამორჩებოდა, თუმცა შეხვვედრის მოტრიალება შეძლო და საქმე ბოლო ქულამდე მივიდა, სადაც მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვებულად ეგვიპტელი გამოცხადდა. სანდრო დიდი ხნის განმავლობაში არ გადიოდა ბილიკიდან და შედეგს აპროტესტებდა, თუმცა გადაწყვეტილება არ შეიცვალა.