ისტორიის გადაწერის შანსი - 2008 წლის შედეგი გამეორებულია
10 აგვისტო დაუვიწყარია დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში - ამ დღეს ორმა ქართველმა სპორტსმენმა, სხვადასხვა სახეობაში, ოლიმპიური ოქროები მოიპოვეს და ჩვენს ქვეყანას ახლა ჯამში 3 ოქროს მედალი დაუგროვდა. ასეთი რამ ბოლოს 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე მოხდა. მაშინ ერთ დღეს ოქროს მედლები ირაკლი ცირეკიძემ (ძიუდო) და მანუჩარ კვირკველიამ (კლასიკური ჭიდაობა) მოიპოვეს. 2008-ში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა რევაზ მინდორაშვილიც (თავისუფალი სტილით ჭიდაობა).
ისტორიაში, ერთი ოლიმპიადიდან 3 ოქროზე მეტი არასდროს წამოგვიღია და აქამდე ეს მხოლოდ 2008-ში მოვახერხეთ - 2024 წლის ოლიმპიადის დასრულებამდე 1 დღით ადრე, ეს შედეგი უკვე გამეორებულია. ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაურმა ეს ზედიზედ მეორედ გააკეთა, გენო პეტრიაშვილმა კი 2020 წლის ტოკიოს დასანანი ფინალის შემდეგ პირველად შეძლო ოლიმპიური ჩემპიონობა.
ჩვენს ქვეყანას ხვალ ისტორიის გადაწერა შეუძლია - დღეს ბრწყინვალედ იასპარეზა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა, ქართველი ფალავანი ხვალ ოლიმპიადის ფინალში, ბაჰრეინის წარმომადგენელს, ახმედ ტაჟუდინოვს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, თავის პირველ ოლიმპიურ ოქროს, ხოლო ქვეყნისთვის მე-4 უმაღლესი სინჯის მედალს მოიპოვებს, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.