უმარ ნურმაგომედოვი: "დვალიშვილმა უბრალოდ ჭიდაობა იცის, საფრთხეს საერთოდ ვერ ვგრძნობ..."
UFC-ს 28 წლის რუსმა მებრძოლმა - უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა და ქართველ ვარსკვლავს დაემუქრა.
ამერიკული კიკბოქსინგის აკადემიის ცნობილმა მწვრთნელმა - ხავიერ მენდესმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის მხოლოდ ერთ მებრძოლს ხედავს, რომელიც რთულ გამოცდას შეუქმნის ნურმაგომედოვს და ეს მებრძოლი სწორედ მერაბ დვალიშვილია.
მედიასთან საუბრისას, ხავიერ მენდესმა მერაბ დვალიშვილს "ახალგაზრდა არწივი" უწოდა და აღნიშნა, რომ ის UFC-ს დღევანდელ რეალობაში, ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეტოქეა.
"მე ვფიქრობ, რომ უმარს ერთადერთ სპორტსმენთან გაუჭირდება ბრძოლა და ეს მერაბ დვალიშვილია. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ გამოირჩევა ნოკაუტებითა და მძიმე დარტყმებით, ის ჭიდაობაში ნამდვილი ლეგენდაა..." - ხავიერ მენდესი
ამ ყველაფრის შემდეგ კი თავად რუსი სპორტსმენი ამბობს, რომ იგი არ ეთანხმება მის პირად მწვრთნელს და მერაბ დვალიშვილი მისთვის საფრთხეს საერთოდ არ წარმოადგენს.
"პატიოსნად, მე შემიძლია მერაბთან ბრძოლა ყველა ადგილზე, სადაც თავად სურს. არ ვიცი რატომ ხედავს ხავიერი მასში ასეთ დიდ საფრთხეს.
ის არის ადამიანი, რომელსაც უბრალოდ აქვს ფიზიკური კოორდინაცია, კარგად არის მომზადებული, აქვს კარგი გამძლეობა, თუმცა მან ჩხუბი არ იცის. მე ვერ ვხედავ მასში რაიმე საფრთხეს..." - უმარ ნურმაგომედოვი
შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვი ცნობილი სპორტსმენის, ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილი და UFC-ს მოჩხუბარია. მას UFC-ში 4 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც ოთხივე გამარჯვება მოიპოვა.