"UFC ცირკი არ არის" - 'მეკობრე' დოლიძის მეტოქეს იწვევს
UFC-ის ახალწვეული და საკმაოდ პერსპექტიული მებრძოლი შარაბუდტინ მაგომედოვი მიშელ პერეირას ბოლო ბრძოლას გამოეხმაურა. შარა თვლის, რომ იგორ პოტიერიასთან გაკეთებული ილეთის გამო ბრაზილიელმა პასუხი უნდა აგოს. პერეირამ უკრაინელს არალეგალური მუხლი მოარტყა, რომლის გამოც პოტიერია საუდის არაბეთის ღონისძიებას გამოტოვებს. სწორედ აქ უნდა შემდგარიყო მაგომედოვისა და პოტიერიას დაპირისპირება, "მეკობრის" გაბრაზებაც სწორედ ამან გამოიწვია.
წყეულო აკრობატო, შენს გამო ოპონენტი დავკარგე. ახლა ყველამ იცის, რომ სალტოების კეთება შეგიძლია, მაგრამ UFC ცირკი არ არის. აკრძალული ილეთი გამოიყენე და ამის გამო უნდა დაისაჯო. UFC მომეცი უფლება ამ ჯამბაზს ჭკუა ვასწავლო. 22 ივნისს საუდის არაბეთში გამოუშვით და მე ჭკუას ვასწავლი. - წერს "მეკობრე"
შეგახსენებთ, რომ მიშელ პერეირას მომავალი ბრძოლა რომან დოლიძის წინააღმდეგ ელის. მას შემდეგ, რაც ენტონი ერნანდესი რომანთან ბრძოლას ჩაეხსნა, UFC-მ პერეირა გამოუძებნა. ბრაზილიელმა ბოლო შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივად მოიგო. რაც შეეხება რომანს, მან ბოლო ბრძოლა ნასურდინ იმავოვის წინააღმდეგ დათმო.
საშუალო წონის რეიტინგში რომანი მე-11 ადგილს იკავებს, პერეირა კი - მეცამეტეა.