Belive

U17 | საქართველოს ნაკრებმა უპრეცედენტო შედეგი დააფიქსირა

1 წლის წინ სხვა
3 წთ

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი უკვე დასრულდა, სადაც ქართველმა მოჭიდავეებმა წარმატებით იასპარეზეს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 17-წლამდელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა მამუკა სულთანიშვილმა და ნაკრების წევრებმა კომენტარები გააკეთეს.

"პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ გულთბილი დახვედრისთვის. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა უპრეცედენტო შედეგი დააფიქსირა. ჩვენმა ბიჭებმა არნახულად გამაოცეს, ყველამ იბრძოლა. ერთის გარდა თითქმის ყველა მონაწილე დებიუტანტი გვყავდა და ბიჭებმა მართლაც არნახული ბრძოლა აჩვენეს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი გუნდის ყველა წევრს, მწვრთნელთა საბჭოს, ასევე ფედერაციას, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩვენ ეს შედეგი დაგვეფიქსირებინა. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს ბიჭებს, რომლებსაც გლადიატორები დავარქვი - ბოლომდე იბრძოლეს, ბიჭებს არც ერთი ნაბიჯი გადაუდგამთ უკან", - მამუკა სულთანიშვილი.

"პირველ რიგში მადლობა მოლოცვისა და დაფასებისთვის. რაც შეეხება ჩემს გამოსვლას - დადებითად შევაფასებ. ფინალურ შეხვედრაში რამდენიმე შეცდომა დავუშვი, მაგრამ შეცდომები გამოსწორებადია და ვეცდები მსოფლიოზეც ანალოგიური შედეგი გავიმეორო. გუნდის გამოსვლას დადებითად ვაფასებ - 10 წონიდან 8 მედალი ავიღეთ (3 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) და გუნდური ჩემპიონობაც არავის დავუთმეთ. მომავალში აუცილებლად გავაუმჯობესებთ ამ შედეგს და ვფიქრობ 10 წონიდან - 10 მედალს ავიღებთ", - საბა ფურცელაძე.

შეგახსენებთ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიც ჩაერთვნენ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 10 სპორტსმენით იასპარეზებს: 45კგ – მათე ცინაძე, 48კგ – გეგი ონიანი, 51კგ – გიორგი მაისურაძე, 55კგ – არშაკ ლულუკიანი, 60კგ – ანრი გოგუაძე, 65კგ – ზურაბ აბალაკი, 71კგ – იოსებ მეფარიშვილი, 80კგ – კონსტანტინე პეტრიაშვილი, 92კგ – სანდრო ყურაშვილი, 110კგ – ალექსანდრე აბრამიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი კვინიკაძე.

მწვრთნელები: ვანო ყვარელაშვილი, ოთარ თუშიშვილი, მალხაზ ჯორბენაძე.

ექიმ-რეაბილიტოლოგი: შოთა შავდია.

სხვა სტატიები